პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ.შ. დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ პროკურორმა დ.შ-მ თავისი საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი – 50 000 ლარი. ამასთან, პროკურორმა დ.შ-მ ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულის ოჯახის წევრი დასთანხმდა პროკურორის მოთხოვნას და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ.შ-მ, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით გამოართვა მთლიანობაში 20 000 ლარი. ქრთამის აღების დროს პროკურორი დ.შ. საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, წარდგენილი ბრალდება 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.