„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) ეხმაურება თათია სამხარაძის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, გმობს შალვა რამიშვილის მიერ ქალების სექსუალური შევიწროების შემთხვევებს და მიაჩნია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საკითხს არასათანადო და არაადეკვატური რეაგირება მოჰყვა.
„…GDI-ის პოზიციით, თათია სამხარაძის გატაცების შესახებ ინფორმაციის გამოგონება და გავრცელება წარმოადგენს რამიშვილის ქმედებების გადაფარვის, სამხარაძისა და სხვა შესაძლო მსხვერპლთა დისკრედიტაციის მცდელობას. ამასთანავე, აღნიშნული ინფორმაციის პოლიციისთვის შეტყობინება შეიცავს სავარაუდო დანაშაულის, კერძოდ, ცრუ დასმენის ნიშნებს.
საქართველოს კანონმდებლობით სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციული სამართალდარღვევას წარმოადგენს და ავალდებულებს შესაბამის ორგანოებს მოახდინონ ეფექტიანი რეაგირება.
მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, ამყარებს საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს, თითქოს მსხვერპლი ქალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ არის სანდო იმის გამო რომ მომხდარიდან გარკვეული დრო არის გასული.
ხელისუფლების წარმომადგენელთა ასეთი პოზიცია ახალისებს ქალთა მიმართ ძალადობას, შევიწროებას, აბრკოლებს სამართალდამრღვევთა გამოვლენას და ხელს უწყობს მათ დაუსჯელობას. გარდა ამისა, „POSTV”-ის პროსამთავრობო პოზიციონირების გათვალისწინებით, ქართული ოცნების წარმომადგენელთა განცხადებები წარმოადგენს „POSTV”-ისა და შალვა რამიშვილის გამოსარჩლების მცდელობას სექსუალურ შევიწროებაში მამხილებელთა დისკრედიტაციის ხარჯზე.
მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს დროულად შეისწავლონ და რეაგირება მოახდინონ შესაძლო ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.