პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე პენცენტრის სახელით გამოეხმაურა იუნესკოსადმი მიმართვას, რომლითაც მწერლები, გამომცემლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები მისთვის მშვიდობის ელჩის სტატუსის მოხსნას მოითხოვდნენ, მას შემდეგ, რაც ელისო ბოლქვაძემ რუსულ კანონს დაუჭირა მხარი.
ელისო ბოლქვაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიმართ ოპონენტებისა და საზოგადოების ნაწილის მხრიდან მისთვის წარმოუდგენელ შეურაცხყოფას, თავდასხმასა და ბულინგს შეესწრო, რაც, მისი თქმით, ნეოფაშიზმის ელემენტებს შეიცავდა. ასევე, სამარცხვინო იყო მისთვის კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მიმართვა იუნესკოსადმი.
„რაც შეეხება იუნესკოს, ეს იყო სამწუხარო და სამარცხვინო, მე ვიტყოდი. ჯერ ერთი, როცა 2015 წელს მომანიჭეს იუნესკოს მშვიდობის ელჩის წოდება, მომანიჭეს ჩემი ხელოვნების გამო და იმ სხვადასხვა საქველმოქმედო ფაქტების გათვალისწინებით, რაც მე ამ ხნის განმავლობაში ვაკეთე.
ეს იყო, მართლაც, ჩემთვის გაუგებარი. ჯერ ერთი, მე მინდა მივუსამძიმრო მათ, რადგან ელჩობის სტატუსი ასე არ იხსნება. მე არ ვარ დანიშნული ელჩი, რომელიც 3 წლით ან 4 წლით თავის მისიას ასრულებს და მერე აღარ არის ელჩი.
ელჩობის ეს სტატუსი, იუნესკომ შექმნა 30 წლის წინ და გაერთიანებულნი არიან ცნობილი მსახიობები, მუსიკოსები და ის ადამიანები, ვისაც შეუძლიათ, რომ მისი ხმა გაიგოს საზოგადოებამ. ეს ადამიანები სხვანაირი ნიშნით არიან იქ მოხვედრილნი და არავითარ შემთხვევაში პოლიტიკური ნიშნით. ასე რომ, ეს არის წოდება, რომელიც მთელი ცხოვრება მოგყვება და ამის გაუქმება არ მოხდება, მინდა ვუთხრა იმ 125 ხელმომწერს…
რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ისეთმა ორგანიზაციამ, როგორიცაა იუნესკო, საერთოდ განიხილოს ეს საკითხი. უბრალოდ, სამწუხარო ფაქტია, რომ ქართველები ქართველს ასე ებრძვიან საერთაშორისო ასპარეზზე“, – თქვა ბოლქვაძემ POSTV-ის ეთერში.
ელისო ბოლქვაძის თქმით, მას იუნესკოს გარდა, არაერთი ჯილდო და პრიზი აქვს მიღებული, მათ შორის, ბოლო ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შექმნილი სოლიდარობის ფონდის მხრიდან, რომელიც ონკოლოგიური პაციენტების დახმარებას ისახავს მიზნად.
„თუ ძალიან ნერვიულობენ ჩემს მედლებსა და სტატუსებზე, ბევრი ბრძოლა მოუწევთ კიდევ“, – თქვა ბოლქვაძემ.
17 მარტს საქართველოს პენცენტრის სახელით, ქართველმა მწერლებმა, გამომცემლებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა იუნესკოს გენერალურ დირექტორს, ოდრი აზულაის საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძისთვის მშვიდობის ელჩის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით მიმართეს. წერილს 126 ხელმომწერი ჰყავს.