კობახიძე მოსამართლეების დასანქცირებაზე: რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე გვექნება პოლიტიკური რეაგირება

პუბლიკა

„ჩვენი ამოცანაა ბოლომდე, პრინციპულად მივყვეთ ამ საკითხს და ვერ მოვეშვებით ამას, რადგან საქმე ეხება სასამართლოს, ხელისუფლების ერთ-ერთი, დამოუკიდებელი შტოს რეპუტაციას, “- თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აშშ-ის მიერ დასანქცირებულ მოსამართლეებზე საუბრისას.

„საქართველოში ეს გადაწყვეტილება ვერ გასაჩივრდება. თეორიულად, არ ვიცი, რამდენად შეიძლება, ამერიკაში გასაჩივრდეს, ამას ადგილობრივი იურისდიქცია ადგენს. მე არ ვარ უშუალოდ ადრესატი, ადრესატები არიან მოსამართლეები, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება პოლიტიკური რეაგირება.

მოსამართლეს ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება, შეეხოს ელემენტარული დისციპლინური სახდელიც კი, როგორიც არის გაფრთხილება და ასეთ დროს, როდესაც ასანქცირებ, სავიზო შეზღუდვას უწესებ, თუ რაც არის, რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც მოსამართლის წინააღმდეგ ასეთ ზომას იღებ, ეს უბრალოდ, გაუგონარი რამ არის. ეს ის კი არ არის, რომ ვიღაცას რაღაც შეცდომა მოუვიდა. ეს არის გაუგონარი რამ, “- თქვა მან.

მისი თქმით, ახლა ის რეალობაა, რომ აშშ-ის მხრიდან და გარკვეული პირების მხრიდან შეიცვალა პოლიტიკური ინტერესი და მოსამართლეების დასანქცირებაც ამის შედეგია.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არის მიზანმიმართული შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და ვიღაცას უნდა, თუნდაც გარკვეული დოზით აღადგინოს „ნაცმოძრაობის“ კონტროლი სასამართლო სისტემაზე. აი, ეს არის რეალურად. …უნდათ, რომ გარკვეული მნიშვნელოვანი დოზით დაუბრუნონ „ნაცმოძრაობას“ ბერკეტები სასამართლოს მიმართ“,- ამბობს კობახიძე.

კობახიძის თქმით, ეს მცდელობები მოდის არა მხოლოდ აშშ-სგან. ის ამბობს, რომ საზოგადოებას კარგად ახსოვს, რას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლი სასამართლოზე და ხელისუფლება ამას ვერ დაუშვებს.