„ვერ ვიტყოდი, რომ ამის [სტატუსის მიღების] შანსი არის 50%-ზე მეტი” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედის” ეთერში განაცხადა.
შეკითხვაზე, რა გადაწონის წლის ბოლოს – კოლექტიური „ნაცმოძრაობა”, თუ ის რეფორმები, რაც იქნება გატარებული? რა არის მოლოდინი?, კობახიძე პასუხობს:
„კოლექტიური „ნაცმოძრაობა” ვერაფერს ვერ გადაწონის, ისინი არიან პატარა აგენტურა… თუ რამემ შეიძლება გადაწონოს, ეს არის „გლობალური ომის პარტია”.
…სავარაუდოდ, მაგ დროისთვის ომის უკრაინაში არ იქნება დასრულებული სხვადასხვა ფაქტორის გამო – მათ შორის იმის გამო, რომ ბევრი არჩევნები უწევს მომავალ წელს, მაგრამ მე მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში გლობალური და რეგიონული კონტექსტი შეიცვლება ჩვენს სასიკეთოდ და ჩვენ მაინც მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი.
რაც შეეხება შანსებს, მე ვერ ვიტყოდი, რომ ამის შანსი არის 50%-ზე მეტი, მაგრამ მაქვს იმედი, რომ პოლიტიკური კონტექსტში ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს და მოგვენიჭება სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
11 აპრილს 150-მდე ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ შესაძლოა, ოქტომბერში გაიცეს რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა ისტორიული შესაძლებლობის მისაღწევად და აღნიშნავენ იმასაც, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა ან მოქმედება, რომელიც ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებს დაუპირისპირდება, იქნება სტატუსის მიღების საბოტაჟი.