ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებლის, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა საპროტესტო აქციას გეგმავს. ამის შესახებ მოძრაობის წევრებმა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ისინი ამბობენ, რომ საზოგადოებას აქციის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიაწვდიან: „ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს“.
მოძრაობის წევრები ასევე აცხადებენ, რომ იწყებენ კონსულტაციებს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ დასრულდეს ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობა.
„16 მაისს სრულდება 1 წელი, რაც ნიკა გვარამია იმყოფება უკანონო პატიმრობაში ამ განაჩენის გამოტანით, ხელისუფლებამ პრაქტიკულად დაგვაშორა ევროპულ მომავალს, მოახდინა ევროკავშირის წევრობის საბოტაჟი და ვინაიდან დღეს ნიკა გვარამიას გათავისუფლება იმ 12 რეკომენდაციიდან მე – 7 რეკომენდაციას წარმოადგენდა. ნიკა გვარამიას განაჩენი არის ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობს კლასიკური დადასტურება და ჩვენ რამდენიმე დღის უკან ვიხილეთ, რომ აშშ-მ დაასანქცირა 4 მოსამართლე, რაც არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ რეალურად ქვეყანაში მართლმსაჯულება არ გაგვაჩნია.
სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიუხედავად საზოგადოებაში არსებული მოლოდინისა, წინასააღდგომოდ არ შეიწყალა ნიკა გვარამია. სალომე ზურაბიშვილი ამ ბერკეტის არგამოყენებით და უმოქმედობით, პრაქტიკულად თანამონაწილე გახდა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებისა. ახანგრძლივებს ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობას და ზიანს აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება. ამ კონტექსტში მიგვაჩნია, რომ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა 18 აპრილს დაგეგმილი ვიზიტის გაუქმება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, “- ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობაში მისი მეგობრები, აქტივისტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან გაწევრებულები.