თამარ გაბუნია:  უცნობია მედიკამენტის ზეგავლენა თირკმელზე, ღვიძლზე და სხვა ორგანოებზე 

პუბლიკა

მწარმოებელი აღნიშნავს, რომ მედიკამენტს ახასიათებს სერიოზული გვერდითი მოვლენები. რაც გასათვალისწინებელია და რაც ყველაზე მეტად საყურადღებოა არის ის, რომ არ არის ცნობილი მისი ზეგავლენა თირკმელზე, ღვიძლზე და სხვა ორგანოებზე საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივებში“,-აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა

თამარ გაბუნიას განმარტებით,მედიკამენტთან დაკავშირებით, მწირი მონაცემების არსებობის გამო, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ფრთხილად ეკიდებიან აღნიშნულ საკითხს, რათა მაქსიმალურად გარანტირებული იყოს პაციენტის უსაფრთხოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, თუ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე, ევროკავშირის თუნდაც, რამდენიმე ქვეყანაში დადასტურდება სახელმწიფოს მიერ, პაციენტებისათვის ამ მედიკამენტით უზრუნველყოფა, საქართველო მზადაა, ამ ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, უპირობოდ აიღოს ვალდებულება და დაიწყოს საქართველოში, მედიკამენტის შემოტანისთვის საჭირო პროცედურები

მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, ორგანიზება გაუწიოს და დააფინანსოს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სხვა თანმდევი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია და ყველა საჭირო პროცედურა, როგორც საქართველოში, ისესაზღვარგარეთ.


აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის კანცელარიასთან მორიგ აქციას მართავენ. ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ, რადგან ამბობენ, რომ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა უშედეგო იყო.

მშობლებმა წუხელ ღამე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაატარეს და ამბობენ, რომ არ აპირებენ პროტესტის შეჩერებას, სანამ სახელმწიფო არ დათანხმდება მათი შვილებისთვის სასიცოცხლო მედიკამენტის დაფინანსებას.

მშობლები ქვეყანაში მედიკამენტ „ვიზორიტიდის“ შემოტანას მოითხოვენ და სახელმწიფოს ამის დაფინანსებას სთხოვენ. მათი თქმით, ეს ახალი მედიკამენტია, რომელიც რეკომენდებულია სხვადასხვა ქვეყანაში და მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მშობლების თქმით, მედიკამენტის მიღება ეფექტურია 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ამიტომ როგორც ამბობენ, სახელმწიფოსგან საჭიროა დროული რეაგირება.

დღეს გამართულ აქციაზე მშობლებმა განაცხადეს, რომ ისინი კანცელარიის შესასვლელთან იდგებიან და პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ ირაკლი ღარიბაშვილი მათ არ შეხვდება.