ქუჩაში ნიღბიანი პირები თავს დამესხნენ - „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ ხელმძღვანელი

პუბლიკა

პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ ორგანიზაცია „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ ხელმძღვანელმა, არტურ მირზოიანმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ქუჩაში 3 ნიღბიანი პირი თავს დაესხა.

„ოფისიდან მივდიოდი სახლისკენ და გზაზე, ჩემს უბანში თავს დამესხა 3 ნიღბიანი პირი. ორი დამესხა თავს, მესამე ვიდეოს იღებდა, წამაქციეს, მიზანმიმართულად მირტყამდნენ თავში, ზურგისა და მუცლის არეში. მაგინებდნენ, როგორღაც მეც თავი დავიცავი, შევძელი წამოდგომა, უკან დახევა ვცადე და ამ დროს ჩემი მაისური და ქურთუკი ხელში შერჩათ. როცა მიხვდნენ, რომ ვეღარ მიჭერდნენ, გაიქცნენ”, – ამბობს მირზოიანი ვიდეომიმართვაში.

მირზოიანი მომხდარს თავის საქმიანობას უკავშირებს. მისივე თქმით, 23 აპრილს „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“ სომეხთა გენოციდის 108-ე წლისთავთან დაკავშირებით მსვლელობას გეგმავს.

ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.