საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბევრ რეფორმაში - ევროკავშირის საბჭო

პუბლიკა

„საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბევრ საკვანძო რეფორმაში“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში, რომელიც ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შედეგებს აჯამებს.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრებს ლანჩი და არაფორმალური დისკუსია ჰქონდათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. საუბარი საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებას შეეხო.

„დისკუსიამ დაადასტურა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბევრ საკვანძო რეფორმაში. ხაზი გაესვა, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები მნიშვნელოვანი ელემენტებია თითოეული ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრებისკენ მიისწრაფვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილი 24 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის ფარგლებში ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებსა და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრაზე ევროკავშირის გაფართოება და საქართველოს გაწევრების პერსპექტივა, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი. ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი შეხვედრა გამართა კოლეგა მინისტრთან და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან.