მიშელი: ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვი სასამართლო სისტემის რეფორმის აუცილებლობას

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ბრიუსელში გამართულ შეხვედრას Twitter-ზე ეხმაურება.

ის  აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე მან ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემის რეფორმის, კანონის უზენაესობისა და პრესის თავისუფლების გაღრმავების აუცილებლობას.

ირაკლი ღარიბაშვილის შარლ მიშელთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამაც. მათი ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით გაწეული ძალისხმევა გაუზიარა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში ხელისუფლება მუდმივ კონსულტაციებს მართავს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებთან, აგრეთვე, ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (OSCE/ODIHR).

„პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და მიღწეული პროგრესის შესაბამისად, წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და ევროპული პერსპექტივის მონიჭება, ეს არის ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.