თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, ლორდთა პალატაში, საქართველოსთან დაკავშრებულ დებატებზე განაცხადა, რომ დარბაზში სულ სამი კაცი იჯდა.
„ლორდთა პალატა საოცრება იყო… გადავსებული დარბაზი და განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში. ესეც ნათელი მაგალითია და მიუთითებს მათ დამოკიდებლებაზე საქართველოს მიმართ… სამი კაცი იყო, დავთვალე, დარბაზში, ნუ არ ვიცი ეს…
ერთია, ვიღაცა რას ამბობს საქართველოზე და მეორე, როგორია რეალობა, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდებოდა შემდეგ. 2012 წელი არის წყალგამყოფი“, – თქვა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
გუშინ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. დებატების ინიციატორი კონსერვატიული პარტიის წევრი ადამ ჰოლოუეი იყო. მან საქართველოში პოლიტიკურ და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
ადამ ჰოლოუეიმ თქვა, რომ მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ პროპუტინისტური და პრორუსული ჯგუფია, რომლის ხელმძღვანელობაც საქართველოს აყენებს რისკის ქვეშ, რომ რუსეთის მარიონეტი გახდეს. ასევე, მისი თქმით, მმართველი პარტია მიზანმიმართულად ძირს უთხრის ევროკავშირში შესვლის კრიტერიუმებს.