რატომ არ მისცა ხმა „ოცნებამ“ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გენოციდად აღიარების რეზოლუციას

პუბლიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. რეზოლუცია ასამბლეამ გუშინ სტრასბურგში მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე მიიღო.

რეზოლუციას მხარი 87-მა ქვეყანამ და მისმა წარმომადგენელმა დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ ერთი ხმა დაფიქსირდა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად, რეზოლუციისთვის მხარი არ დაუჭერია ქართულ დელეგაციას.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სტრასბურგიდან უკვე გამოფრენილები იყვნენ, როდესაც რეზოლუცია კენჭისყრაზე გავიდა და ამიტომ ვერ მოახერხეს. – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ეს არის სპეკულაცია, რომელიც აიწია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და  თქვენ ხელს უწყობთ ამას. დღის წესრიგში ეს საკითხები შედის ბოლო მომენტში, ამიტომ ჩვენ უკვე გამომგზავრებული… ჩვენ აქედან როცა მივდიოდით, რამდენიმე კვირით ადრე ბილეთები ნაყიდი იყო, იმიტომ, რომ ჩვენ გაწერილი გვქონდა კონკრეტული დღის წესრიგი. ყველა რეზოლუციაზე გვაქვს ხმა მიცემული, გამონაკლისი ამაზე არ არსებობს. შესაბამისად, კონკრეტული საქმეებიდან და შეხვედრებიდან გამომდინარე, ეს ვიზიტი დასრულდა გუშინწინ და გამოვემგზავრეთ”, – ამბობს მიქანაძე.

საქართველოდან სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში ქართული დელეგაციაც მონაწილეობდა. 24-27 აპრილს სტრასბურგში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ, ასევე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე და „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი.

რეზოლუციის მიხედვით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდა, განიხილოს უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის შესაძლებლობა.