„ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა თავისი კავშირი, მიჯაჭვულობა ევროკავშირთან. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, რომ დაგეხმაროთ ამ გზის გავლაში. მინისტრმა მომაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რაც უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ხორციელდება, განსაკუთრებით საკანონმდებლო სფეროში. რა თქმა უნდა, სხვებიც იქნება საჭირო. ჩვენ, სხვა პარტნიორებთან ერთად, მოწოდებული ვართ, ხელი შევუწყოთ, დავაჩქაროთ ეს პროცესები. რა თქმა უნდა, გზა არის გასავლელი, მაგრამ ამ გზაზე ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ“,- ამის შესახებ საფრაგნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მოვედი, რომ უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთვის მხარდაჭერის მესიჯი გადმოგცეთ. გვსურს, ამ ვიზიტით და ასევე ურთიერთობით, რომელიც ორ ქვეყანას აქვს, გაგიზიაროთ ჩვენი დამოკიდებულება თქვენს სუვერენიტეტთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ გვსურს, რუსეთმა დაასრულოს ომი, საერთაშორისო ნორმების დარღვევა, რომელიც უკვე 14 თვეა, მიმდინარეობს და საქართველომ ძალიან კარგად იცის ეს, რადგან ახლაც იხდის იმ პოლიტიკის ფასს, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს არ დაწყებულა. აქ დაიწყო 2008 წელს. საქართველოს შეუძლია, საფრანგეთის სოლიდარობის იმედი ჰქონდეს. მე ეს ბევრჯერ მითქვამს მინისტრისთვის.
განვიხილეთ ევროკავშირის წევრობისთვის საქართველოს კანდიდატობის საკითხი. ქართველი ხალხისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ჩამოვედი, ძალიან ბევრი ევროპული დროშა იყო თბილისში. როგორც ვიცი, გაზაფხულზე იყო პროევროპული მანიფესტაციებიც და ქართველების 85 პროცენტი ემხრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის ციფრი, რომელიც გვაფიქრებს და გვაძლევს მომავლის ხედვას. ვფიქრობ, საქართველო არის ერთიანი ამ საკითხთან დაკავშირებით და ერთიანად არის აღიარებული ივნისში, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. ჩვენ გვსურს, ეს მომავალი კონკრეტული გახდეს. ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც უკვე დაიწყო, ეს არის ისტორიული საშუალება და ჩვენ ვართ საქართველოსთან ერთად, რომ დაგეხმაროთ ამ გზაზე – როგორ უნდა წავიდეთ წინ, როგორ მოვიპოვოთ სტატუსი. ამისთვის საჭიროა 12 პრიორიტეტის შესრულება, რეფორმების გატარება, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფლებას, ინსტიტუციების დაცვას სხვადასხვა გავლენისგან, წარმომადგენლები, რომლებიც უზრუნველყოფენ პლურალიზმს, სიტყვის თავისუფლებას. მხოლოდ ამის შედეგად მოახდენს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ეს არის ევროპული ღირებულებები“[„პირველი არხის“ თარგმანი],- განაცხადა კოლონამ.
საქართველოს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ეწვია. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელძმღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი დიპლომატი შეხვედრა გამართასაგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც, გაკეთდა ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
აღსანიშნავია,რომ 2018 წლის შემდეგ, ეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში.