აქციის მონაწილეებს აქვთ კარვებისა და პარკების გაშლის უფლება - ომბუდსმენი მშობლების აქციაზე

პუბლიკა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქციაზე მივიდა. ომბუდსმენის განცხადებით, ის აპროტესტებს პოლიციელების მიერ პოლიეთილენის ცელოფნის ჩამოხევას, რომლითაც აქციის მონაწილეები წვიმისგან იცავდნენ თავს.

„კარავი, პარკი თუ ნებისმიერი ნივთი, რომელიც არ არის საფრთხის მატარებელი, შეიძლება გაიშალოს ადმინისტრაციული ორგანოს მახლობლად. ეს არის დემოკრატიული სტანდარტი, ასე მიმდინარეობს აქციები სხვა ქვეყნებში.

ამის უფლება აქვს ყველა ადამიანს, მით უმეტეს მათ, რომლებიც 2 კვირაა აქ ღამეს ათენებენ და რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა კიდეც“, – განაცხადა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვთა მშობლების აქციაზე მისულმა სახალხო დამცველმა.

დღეს, 30 აპრილს პოლიციის თანამშრომლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან დამონტაჟებული რკინის კედლიდან ჩამოხსნეს ტრანსპარანტები, რომლებსაც ეწერა – „წამალი ბავშვებს“, ამასთან, აქციის მონაწილეებს არ მისცეს კარვის გაშლის უფლება და ჩამოართვეს პოლიეთილენის ცელოფანიც, რომლითაც აქციის მონაწილეები წვიმისგან იცავდნენ თავს.


აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლები 10 დღეზე მეტია, საპროტესტო აქციას მართავენ მთავრობის ადმინისტრაციასთან. მათი მოთხოვნაა, სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს ბავშვებისთვის აუცილებელი პრეპარატი Voxzogo, რომელიც ავტორიზებულია აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ.