რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი მუქარა გავლენას არ ახდენს ჩვენს საგარეო ორიენტირზე - პრეზიდენტი

პუბლიკა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს თავდაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბიშვილმა თავის სიტყვაში უკრაინაში რუსეთის ომსა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეს ისაუბრა.

„დღესაც, ოცდამეერთე საუკუნეში, აგრესიული იმპერიალიზმი, რაც არ უნდა  ანაქრონიულად ჟღერდეს – ახალი სისასტიკით და დაუნდობლობით იჩენს თავს. უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ 14 თვის წინ გაჩაღებულმა ომმა მსოფლიო შეძრა, რამეთუ აბუჩად იქნა აგდებული ყველა საერთაშორისო  სამართლის  და ჰუმანიტარული პრინციპი.

თუმცა სისასტიკის და ძალთა შეფარდების მიუხედავად ვხედავთ,  რომ უცხო შემოჭრილი ძალა, ქვეყნის დაცვისთვის და გადარჩენისთვის თავდადებულ ძალას ვერ ჯობნის და ვერ ამარცხებს. ეს ის მაგალითია, რომელიც ჩვენს ისტორიაში, საქართველოს მიერ მრავალჯერ იქნა ნაჩვენები. ამდენად, უფრო მეტად გვესმის და ვგულშემატკივრობთ უკრაინას და მის ღირსეულ სამხედრო და სამოქალაქო მებრძოლებს. მათი გამარჯვება განაპირობებს ხვალინდელი მსოფლიოს ბედს, მათი და ყველა ჩვენგანის თავისუფლებას.

ამ დაუნდობელმა აგრესიამ რუსეთის იმპერიალიზმის ხასიათი ყველასთვის გამოააშკარავა. მსოფლიოში და მით უმეტეს  ევროპულ კონტინენტზე  გამოიწვია საფრთხის ახალი აღქმა, რასაც უკრაინის მიმართ არნახული დახმარების გაწევა, სამხედრო ბიუჯეტების ზრდა და ჩრდილოატლანტიკური კავშირის მნიშვნელობის განმტკიცება მოჰყვა – შვედეთისა და ფინეთის გაცხადებული კანდიდატურები სწორედ ამას ამტკიცებს.

ჩვენთვისაც, ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული. ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ  ატლანტიკურ ალიანსში ჩვენი ინტეგრაციის გზის განმტკიცებისთვის. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ვილნიუსის სამიტი  ამ კუთხით საეტაპო აღმოჩნდება.

რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს მუდმივ და კონსტიტუციაში ასახულ გადაწყვეტილებაზე და ორიენტაციაზე.

და ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ დღეს სწორედ მტკიცე გადაწყვეტილების მიღების დროა და არა ყოყმანის. რუსეთის მიმართ გზავნილი უნდა იყოს მკაფიო და ერთგვაროვანი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალებს მათ მიერ გაწეული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ სწორედ მათი პროფესიონალიზმის მეშვეობით საქართველო დამკვიდრდა, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორი.