ბიურომ სასამართლოზე საგამოძიებო კომისიის საკითხი დღის წესრიგის პროექტში არ შეიტანა

პუბლიკა

პარლამენტის ბიურომ სასამართლოზე საგამოძიებო კომისიის საკითხი დღის წესრიგის პროექტში არ შეიტანა. გასულ სასესიო კვირაში აღნიშნული საკითხს კენჭი უმრავლესობის მიერ კვორუმის ჩაგდების გამო ვერ უყარეს.

„როგორც თქვენ იცით, პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს ადგენს ბიურო, შემდეგ კი ამტკიცებს პლენარულის სხდომა. შემოთავაზებული დღის წესრიგის პროექტში ეს კენჭისყრა არ არის ჩასმული”, – აღნიშნა სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მან ოპოზიციას მიმართა, რომ თუ საკითხის დღის წესრიგში შეტანა სურთ, შესაბამისი მოთხოვნა ბიუროსა და პარლამენტის სხდომაზე დააყენონ და მასზე პარლამენტი იმსჯელებს.

ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა მას სთხოვა, დაეკონკრეტებინა, რის საფუძველზე ამოიღეს კენჭისყრიდან პარლამენტის მიერ განხილული და სამჯერ რეგისტრაციაზე დაყენებული საკითხი.

„არ არსებობს არანაირი დღის წესრიგი, რომლიდანაც რაიმეს ამოღება ხდება. დღის წესრიგის შედგენა ყოველ ჯერზე ხდება, სადაც გამომდინარე იქიდან, თუ როგორ განიხილავს ბიურო, საკითხები დღის წესრიგში შეაქვს. თუ პარლამენტის წევრთა ჯგუფი დღის წესრიგს არ ეთანხმება ან ფიქრობს, რომ საკითხი დასამატებელია პლენარულ სხდომაზე, შეგიძლიათ საკითხის შეტანის საკითხი დააყენოთ. ამაზე იმსჯელებს ბიუროც, თუ გაქვთ ეს სურვილი, შეგიძლიათ, აქაც დააყენოთ ეს საკითხი, და ასევე არის შესაძლებლობა, რომ პლენარული სხდომაზე დააყენოთ ეს საკითხი და პლენარული სხდომა იმსჯელებს ამ საკითხზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

უსუფაშვილის შეფასებით, ბიუროს წევრი უმრავლესობის დეპუტატების ეს განზრახვა სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების უზურპაცია.

„როგორც ჩანს, მოგვიწევს ამაზე ხვალ პლენარულ სხდომაზეც მსჯელობა”, – განაცხადა მან.