„თუ ასეთი კანონი მიიღება, ეს იქნება ნამდვილი დაბრკოლება საქართველოს ევროპულ გზაზე“ - ბუნდესტაგის წევრი ინჯიას ინიციატივაზე

პუბლიკა

ბუნდესტაგის ევროპულ საკითხებში საპარლამენტო ჯგუფის სპიკერი ქრისტიან პეტრი აცხადებს, რომ თუ საქართველოს პარლამენტი ფრიდონ ინჯიას ინიციატივას კანონად აქცევს, ეს ევროპულ გზაზე ნამდვილი დაბრკოლება იქნება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, როცა კანონპროექტები საზოგადოებიდან მოდის და პარლამენტში მოსახლეობიდან შემოდის. თუმცა, რაც შეეხება ლგბტ საკითხს, ვფიქრობ, ქვეყანა იმით ფასდება, თუ როგორ ექცევა სხვადასხვა ჯგუფებს. თავისუფლება უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს, განურჩევლად მისი შეხედულებებისა, ეს უნდა იყოს დისკრიმინაციის გარეშე. თუ ასეთი კანონი მიიღება, ეს იქნება ნამდვილი დაბრკოლება საქართველოს ევროპულ გზაზე“, – განაცხადა მან პარლამენტში ჟურნალისტებთან.


ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად, რომელიც ახალი კანონპროექტის მომზადების შესახებ ევროპელი სოციალისტების ლიდერის, ფრიდონ ინჯიას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას შეეხებოდა, აცხადებს, რომ „ხელისუფლებაში ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება“.

პარლამენტში „ოცნების” სატელიტური პარტიის „ევროპელი სოციალისტების” ლიდერი, ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ 30 აპრილის აქციის მოთხოვნათა შესაბამისად მიმდინარე კვირაში პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტით მიმართავენ. აღსანიშნავია, რომ ამ აქციაზე გაჟღერებული იყო ჰომოფობიური და ანტიდასავლური შეფასებებიც.