ჩვენს დღის წესრიგში არ შედის და არ ვაპირებთ განხილვას - პაპუაშვილი ინჯიას ინიციატივაზე

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, ლგბტ თემსა და შეკრების შეზღუდვასთან დაკავშირებული კანონპროექტი „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში არ დგას და მის განხილვას არ აპირებენ.

ადამიანის უფლებების შეზღუდვის საკანონმდებლო ინიციატივა, თავდაპირველად პარლამენტში „ალტ-ინფომ“ შეიტანა. ბოლო დროს, ის 30 აპრილს „უცნობისა“ და ზაზა პაპუაშვილის აქციაზე გაჟღერდა, მოგვიანებით კი ეს ინიციატივა გამოთქვა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ.

თუმცა შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს მხოლოდ ცალკეული დეპუტატების ან მოქალაქეების ინიციატივებია და დემოკრატიის ნაწილია. „ქართული ოცნება“ კი მის განხილვას არ გეგმავს.

„ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი პოზიცია ვთქვით, რომ ეს ჩვენს დღის წესრიგში არ შედის და ჩვენ არ ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას.

მაგრამ ესეც აჩვენებს, რომ… მათ შორის, ასეთი ინიციატივების წამოყენებაც არის ნაწილი გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიისა, რომ ცალკეულ მოქალაქეებს შეუძლიათ წამოაყენონ ასეთი ინიციატივებიც. მაგრამ აქ პირდაპირ დაკავშირება, რომ პარლამენტი აპირებს ამის მიღებას, არასერიოზულია.

საკანონმდებლო ინიციატივებია ხოლმე, მოქალაქეების მხრიდან და მედიის მხრიდან ისე მიეწოდება, რომ თითქოს პარლამენტი განიხილავს ამ საკითხს, იმ საკითხს. ეს არის ნაწილი იმ ინიციატივებისა, რომლებიც მოქალაქეების მხრიდან მოდის.

რაც შეეხება ამ საკითხს, ჩვენ ჩვენი პოლიტიკური პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ, რომ არ ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში.


პარლამენტში „ოცნების” სატელიტური პარტიის „ევროპელი სოციალისტების” ლიდერი, ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ 30 აპრილის აქციის მოთხოვნათა შესაბამისად მიმდინარე კვირაში პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტით მიმართავენ. აღსანიშნავია, რომ ამ აქციაზე გაჟღერებული იყო ჰომოფობიური და ანტიდასავლური შეფასებებიც.

ინჯიამ პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ გაახმოვანა აქციის მოთხოვნები, რომელთა შორის იყო ასევე „ლგბტ-პროპაგანდის” კანონით აკრძალვაც და აღნიშნა, რომ უერთდება მათ.