ჩაერთო კამპანიაში, რომელიც წარმოებს ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ - კობახიძე პრეზიდენტზე

პუბლიკა

პრეზიდენტი აქამდეც ჩართული იყო იმ კამპანიაში, რომელიც უპირისპირდება კანდიდატის სტატუსის მიღებას, – ასე შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, უშიშროების საბჭოს შეკრებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ჩაერთო იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ.

„მან ფრენის აღდგენა, რუსეთის მიერ მოქალაქეებისთვის სანქციის მოხსნა უკვე დაუკავშირა ევროინტეგრაციას, რაც სრული აბსურდია. ამით ის კიდევ ერთხელ ჩაერთო იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, არავითარი ლოგიკა ამ განცხადებაში არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე პროვოკაცია უწოდა პუტინის გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის 15 მაისიდან სავიზო რეჟიმი გაუქმებისა და პირდაპირი ფრენის აღდგენის შესახებ.

პრეზიდენტმა ხელისუფლებას მოუწოდა, რომ დროა, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და დაწესდეს რუსეთის მოქალაქეებზე 3-თვიანი სავიზო რეჟიმი.

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, ეს ის დრო არის, როდესაც თავისი პოზიცია მკაფიოდ უნდა გამოაჩინოს, დრო არის, რომ შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო საჯაროდ და განხილული იყოს პირიქით, 3-თვიანი ვიზების დაწესება [რუსეთის მოქალაქეებისთვის], რომელიც საჭიროა ჩვენთვის თუნდაც შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე“, – აცხადებს ზურაბიშვილი.