ეს ერთ-ერთი მექანიზმი იყო, მნიშვნელოვანია სტრასბურგში არსებითი განხილვა - სააკაშვილის მხარე

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დედა და მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარი არ არის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილება იქნება სტრასბურგის სასამართლოში არსებითი განხილვის შემდეგ.

სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის თქმით, დაცვის მხარემ ყველა ბერკეტის გამოყენება სცადა და ეს პროცედურული გადაწყვეტილეება იყო.

„ე.წ დროებითი ღონისძიება სწორედ ერთერთი ამგვარი მექანიზმი იყო და ამ პროცედურულ საკითხზე, ევროსასამართლომ არ დაავალა საქართველოს მთავრობას სააკაშვილის დაუყოვნებლივი გადაყვანა ვარშავაში, როგორც მინიმუმ მანამ, სანამ არ დასრულდება საჩივრის განხილვა.

ანუ დაცვის მხარის შუამდგომლობა გახლდათ სწორედ ეს, რომ სასამართლოს საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, უფრო სწორად, დაწყებამდეც კი, დაუყოვნებლივ დაევალებინა მთავრობისთვის, რომ სააკაშვილის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაყვანა მომხდარიყო ევროპის ერთერთ დედაქალაქში.

ეს პროცედურული ნაწილია მხოლოდ. მთავარი ამ საკითხში გახლავთ საჩივრის არსებითი განხილვა, ევროსასამართლო ამ საკითხზე იმსჯელებს, არსებითად განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ამის შემდეგ“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

მისი თქმით, სასამართლოს არ შეუტანია ეჭვი სააკაშვილის მდგომარეობის სიმძიმეში და არ უთქვამს, რომ არ ილახება მისი უფლებები.

მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ კი განაცხადა, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„გრძელდება ეს პროცესი და ჩვენ გადავდივართ მეორე ეტაპზე. იქნება უკვე სარჩელის განხილვა და იმედი მაქვს იქ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც ელოდება ბევრი ადამიანი, საქართველოს მოსახლეობა, რაც ყველა გამოკითხვამ გვაჩვენა. ბევრ ადამიანს უნდა, რომ გადარჩეს“, – თქვა გიული ალასანიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კი ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელეს.

„სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის ვარშავაში დაუყოვნებლივ არ გადაყვანასთან დაკავშირებით. სხვა რამეზე სტრასბურგის სასამართლოს არ უმსჯელია და მეტიც, მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატების დასაბუთებული მტკიცებულებები მიიღო და ამ საკითხზე არსებითად იმსჯელებს, ანუ მიიღო წარმოებაში და სამართლებრივად ეს დავა გაგრძელდება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.