ნაცვლიშვილი: პუტინი არის ჰუმანიტარი კაციჭამია, ამას ამბობს „ოცნება“

პუბლიკა

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში კიდევ ერთხელ შეაფასა რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება.

„როდესაც რუსეთი აღიარებულია, როგორც ტერორისტული სახელმწიფო. როდესაც აღიარებულია, როგორც გენოციდის ჩამდენი სახელმწიფო. როდესაც პუტინის წინააღმდეგ მიმდინარეობს ძალიან მძიმე საერთაშორისო სისხლის სამართლის გამოძიება ჰააგაში…

ეს არის სახელმწიფო, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% და თბილისიდან 20 წუთის სავალზე დგას ტანკით. და აი, ამ ქვეყანასთან პირდაპირი ფრენის აღდგენას ახლა ასაღებენ, როგორც რაღაც ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებას. ჰო, კაციჭამია თუ შეიძლება იყოს ჰუმანიტარი, აი, პუტინი არის ჰუმანიტარი კაციჭამია, ამას ამბობს „ქართული ოცნება“, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

დღეიდან, 15 მაისიდან, ძალაში შედის კრემლის გადაწყვეტილება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ასევე, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით რუსეთმა აღადგინა პირდაპირი ფრენები საქართველოსთან. ამ გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლებასა და მმართველ პარტიაში მიესალმნენ. მმართველი პარტიის ლიდერებმა თქვეს, რომ ეს გადაწყვეტილება „ჰუმანიტარული ტიპის გადაწყვეტილებაა და ის საქართველოსთან კონტაქტს გაუადვილებს რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს”. ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც იგივე განაცხადა და თქვა, რომ მათი მხრიდან ეს „ჰუმანიტარული ხასიათის“ გადაწყვეტილებაა.