დეპუტატები ფრაქციის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ - ბოკუჩავა

პუბლიკა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ფრაქციის ის წევრები, რომლებმაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს მხარი დაუჭირეს, ფრაქციას დატოვებენ.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არც ერთი დეპუტატი, რომელმაც დღეს ხმა მისცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „კლანის“ განმტკიცებას, არ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თუმცა ამ დრომდე ეს ადამიანები ჩვენი ფრაქციის წევრები იყვნენ. კენჭისყრის შემდეგ ჩვენ ძალიან მძიმე საუბარი გვქონდა მრავალი საათის განმავლობაში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი გააკეთებდნენ განცხადებას ფრაქციის დატოვებასთან დაკავშირებით, რადგან ეს იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც მათ შეეძლოთ, რომ მიეღოთ მას შემდეგ, რაც მხარი დაუჭირეს სასამართლო სისტემაში კლანის განმტკიცებას“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფრაქციის წევრების შესახებ განცხადებაც გაავრცელა.

ნიკა მაჭუტაძემ, როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა და ბაჩუკი ქარდავამ უკვე განაცხადეს, რომ ფრაქციას ტოვებენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესში სამ კანდიდატს მხარი დაუჭირეს ბლოკი „ენმ – ძალა ერთობაშიას“ ფრაქციის დეპუტატებმა, ბაჩუკი ქარდავამ, ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ და ნიკა მაჭუტაძემ, ასევე დილარ ხაბულიანმა და „ევროპელი სოციალისტების“ ოთხმა წევრმა.

ენმ-ის ფრაქციის წევრები მმართველ გუნდთან გარიგებას უარყოფენ და ყველაფერს გაუგებრობას მიაწერენ.