მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რატომ აღარ ჩანს ევროკავშირი პარლამენტის საზეიმო გაფორმებაში

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, თუ რატომ აღარ არის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად პარლამენტის მორთულობაში ევროკავშირის დროშა. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, გაფორმება ყოველწლიურად იცვლება თემისა და სლოგანის მიხედვით, სწორედ ამ მიზეზით არ გაფორმებულა პარლამენტი წელს ევროკავშირის დროშით.

„წლებია, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სახალხო დღესასწაულად გადაიქცა. 2016 წლიდან, ყოველ წელს, ეს დღე იძენს დამატებით თემატიკას, რის გარშემოც იშლება კამპანია, სლოგანი, მისალოცი რგოლი, ქალაქ-გაფორმება. წელს 26 მაისის გზავნილია – „თავისუფლების სიყვარულით“. დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით.

შარშანდელი თემა იყო „ევროპისკენ“, მაგალითისთვის 2018 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის 100 წელი იზეიმა, 2017 წელი მთლიანად რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა თემით „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ და შესაბამისად ამ თემების ფარგლებში მოხდა ქალაქის გაფორმებაც და მისალოცი ვიდეო რგოლების შინაარსიც ეხმიანებოდა სლოგანს“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ შარშან პარლამენტის ფასადი ევროკავშირის დროშის ფერებშიც იყო გაფორმებული, წელს კი მხოლოდ ეროვნული სიმბოლიკაა. მოქალაქეთა ნაწილმა ეს ხელისუფლების მხრიდან დასავლეთისგან დისტანცირების ერთ-ერთ ნიმუშად აღიქვა.