ვიწყებთ მუშაობას სკოლებში ეროვნულ შეფასებაზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას გავზომოთ ბავშვების ცოდნა - მინისტრი

პუბლიკა

„დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ არანაირი შეფასება სკოლებში არ გვაქვს. რა თქმა უნდა, არის საგნობრივი გამოცდები, მაგრამ ის რომ ვთქვათ, მე-6, მე-9, მე-12 კლასის ბოლოს გავზომოთ ბავშვების ცოდნა, დღეს არ გვაქვს. ამიტომ, ვიწყებთ მუშაობას სკოლებში ეროვნულ შეფასებაზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას გავზომოთ ბავშვების ცოდნა“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„დღეს რთულია იმის თქმა თუ რა იქნება ეს. შეიძლება იყოს გამოცდა, შეიძლება იყოს ტესტი, შეიძლება იყოს ე.წ. GPA-ს დათვლის მეთოდოლოგია. დაახლოებით აქ ვართ. ამასთან ბმაშია ეროვნული გამოცდები. თამამად ვიტყვი, რომ ეროვნულმა გამოცდებმა უდიდესი მნიშვნელობა და როლი შეასრულა განათლებაში და ასრულებს დღემდე, მაგრამ ასევე მწიფდება მოსაზრება სამეცნიერო, საგანმანათლებლო, აკადემიურ წრეებში – ხომ არ საჭიროებს გამოცდები მოდიფიცირებას, განვითარებას? ეს პირდაპირ უკავშირდება იმ შეფასების მექანიზმს, რომელსაც შევქმნით სკოლებში. ეს არის დაახლოებით ორწლიანი პროგრამა. ვფიქრობთ, რომ 2 წელიწადში უკვე გვექნება სიახლეები ამ კუთხით“, – განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ცვლილებები უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელშიც განიხილება. როგორც მან აღნიშნა ამასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობა, მაგრამ მინისტრს კონკრეტული გეგმის ან ვადების შესახებ არაფერი უთქვამს. 

„ერთსაც დაავაანონსებ, ეს არის უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილება. ჩვენ დღეს გვაქვს ის სისტემა რომელიც მოქმედებს ბოლო 20-30 წელია, ბუნებრივია გარემო იცვლება, კოვიდის შემდემ საერთოდ სხვა განზომილებაში გადავიდა უმაღლესი განათლება, უფრო გაიხსნა საზღვრები…

ეს შეეხება ასევე უმაღლესი განათლების დაფინსნების სისტემას, რომელიც მთლიანად შეცვლის უმაღლესი განათლების ეკოსისტემას, დღეს იცით რომ სამწუხაროდ სისტემა არის რაოდენობაზე მობილიზებული, გვესმის რომ სტუდეტების რაოდენობის უკან დგას ფინანსები და ბუნებრივია უნივერსიტეტებს სჭირდებათ ფინანსები, ამიტომ ჩვენ პირიქით გვინდა შევცვალოთ, იყოს ხარისხზე და შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსების მოდელი“,- განაცხადა მინისტრმა.