„დააბრუნეთ ევროკავშირის დროშა პარლამენტის შენობის ფასადზე“ - დეპუტატები პაპუაშვილს მიმართავენ

პუბლიკა

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ერთობლივი წერილით მიმართავენ. ოპოზიცია პარლამენტის შენობის ფასადზე ევროკავშირის დროშის დაბრუნებას მოითხოვს.

მათი განმარტებით, როდესაც საქართველო კანდიდატის სტატუსზე პასუხის მოლოდინშია დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებზე გამოფენილი სიმბოლიკიდან „ევროკავშირის დროშის ამოღება საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ნებას და კონსტიტუციურ დავალებას ეწინააღმდეგება.“

დეპუტატების განცხადებით, „ქართული ოცნების“ რუსეთთან დაახლოების პოლიტიკის ფონზე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებზე ევროკავშირის დროშის ამოღება გამოფენილი სიმბოლიკიდან „ევროპისთვის ზურგის შექცევაა.“

„ხელისუფლება ვალდებულია, კონსტიტუციით გარანტირებული ხალხის ნება აღასრულოს და ამის გამოხატულება უზრუნველყოს, მათ შორის და არამხოლოდ, დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი სიმბოლიკით. დროშა არ არის მხოლოდ თემატური დეკორაცია, ეს არის პოლიტიკური განაცხადი და შესაბამისი შინაარსი, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანია ევროპა და არავის აქვს უფლება მოქალაქეთა ნებაზე მაღლა დააყენოს საკუთარი ინტერესები. მოგიწოდებთ, დააბრუნოთ ევროკავშირის დროშა საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე, საქართველოს დროშასთან ერთად, როგორც ეს იყო გასულ წელს. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია ხოლო ევროკავშირის სიმბოლიკის ადგილი, საქართველოს დროშის გვერდით!“ – აღნიშნულია წერილში.

პარლამენტის თავმდჯომარისთვის გაგზავნილი წერილის ხელმომწერები არიან: ანა ნაცვლიშვილი, თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, თინათინ ბოკუჩავა, ანა ბუჩუკური, დავით უსუფაშვილი,სალომე სამადაშვილი, დავით ბაქრაძე, რომან გოცირიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, ბექა ლილუაშვილი, ტარიელ ნაკაიძე, თამარ ჩარკვიანი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა, ქეთევან თურაზაშვილი, ალექსანდრე ელისაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი, ეკატერინე ხერხეულიძე, დავით ხაჯიშვილი, ლევან ხაბეიშვილი, დევი ჭანკოტაძე, ანა წითლიძე, ცეზარ ჩოჩელი, სულხან სიბაშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, გუბაზ სანიკიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, კობა ნაყოფია, აკაკი მინაშვილი, დავით კირკიტაძე, მანუჩარ კვირკელია, აბდულა ისმაილოვი, გიორგი გოდაბრელიძე, თეიმურაზ ჯანაშია.

2022 წლის 26 მაისს, საკანონმდებლო ორგანოს ფასადზე საქართველოს დროშის ბანერების გვერდით გამოფენილი იყო ევროკავშირის დროშის ბანერები სლოგანით „ევროპისკენ“. წელს შეცვლილია დამოუკიდებლობის დღის სლოგანი და აღარ იქნება გამოფენილი ევროკავშირის დროშები.

საქართველოს მთავრობის განმარტებით, დამოუკიდებლობის დღის გაფორმებები ყოველწლიურად თემისა და სლოგანის მიხედვით იცვლება. მათი ცნობით, წელს „დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე გაფორმება ხდება ეროვნული სიმბოლიკით.“