სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს ივანიშვილისთვის $926 მილიონის გადახდა დააკისრა

პუბლიკა

სინგაპურის სასამართლოს საერთაშორისო კომერციულმა პალატამ Credit Suisse-ს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მილიარდერის ბიძინა ივანიშვილისთვის $926 მილიონის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბანკი არ მოქმედებდა კეთილსინდისიერად და უგულებელყო ივანიშვილის აქტივების დაცვის ვალდებულება.

საქმე ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირის პატრიკ ლესკადრონის მიერ გაკეთებულ ტრანზაქციებს უკავშირდება. ივანიშვილის ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ ლესკადრონმა მისი ავტორიზაციის გარეშე გამოიყენა ივანიშვილის აქტივები და ასობით მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა.

თავის მხრივ, ბანკი ამტკიცებდა, რომ ლესკადრონი დამოუკიდებლად მოქმედებდა და მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეკონტროლებინათ ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირის მოქმედებები.

სინგაპურის სასამართლომ კი გადაწყვიტა, რომ Credit Suisse ივანიშვილის პირადი ბანკირის თაღლითურ ქმედებებზე პასუხისმგებელია და ვალდებულია კლიენტს მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს.

ივანიშვილის ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილება მოიწონეს. Credit Suisse-ის წარმომადგენლები კი სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.

„განაჩენი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა არასწორია და ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ დარღვევებს შეიცავს. ვგეგმავთ მტკიცედ განვაგრძოთ გასაჩივრების პროცესი“, – აცხადებენ Credit Suisse-ის წარმომადგენლები.