„პოლიტიკური ნების ნაკლებობაა" - საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბრიუსელში ვიზიტს აჯამებენ

პუბლიკა
content image

„ხაზგასმით აღინიშნა ქართული მხარის მხრიდან ამ რეფორმების გასატარებლად საჭირო პოლიტიკური ნების ნაკლებობა”, – საზოგადოებრივი ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით ბრიუსელში გამართულ ვიზიტს აჯამებენ. 8 საზოგადოებრივი ორგანიზაციის ჯგუფი ბრიუსელში კანდიდატის სტატუსის მინიჭების ადვოკატირების მიზნით იმყოფებოდა.

მათი განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლები არიან „იმედგაცრუებული რუსეთთან პირდაპირი ფრენების დაწყების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით”. ასევე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებაში წერია, რომ ბრიუსელში „შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების ვიზიტთან დაკავშირებით”.

„შეხვედრებზე მეტ-ნაკლებად დადებითად შეფასდა ძალისხმევა და გადადგმული ნაბიჯები სხვადასხვა პრიორიტეტების შესრულებაში. სამწუხაროდ, შეშფოთება გამოითქვა საქართველოს ხელისუფლების მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად წარმოდგენილი რეფორმების ისეთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტების არაჯეროვანი შესრულების თვალსაზრისით, როგორებიცაა, დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. ხაზგასმით აღინიშნა ქართული მხარის მხრიდან ამ რეფორმების გასატარებლად საჭირო პოლიტიკური ნების ნაკლებობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ბრიუსელში ვიზიტისას, საუბარი შეეხო საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების დაწყების საკითხს, ასევე, საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სანქცირებული ოჯახის წევრების ჩამოსვლას.

„ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა კვლავ გამოხატეს იმედგაცრუება რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის არ შეესაბამება ევროკავშირში გაწევრების სულისკვეთებას და წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. შეშფოთება გამოითქვა საქართველოში ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების ვიზიტთან დაკავშირებით. შეხვედრებზე ასევე ხაზი გაესვა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული რიტორიკის დაუშვებლობას, რაც „რუსული კანონის“ გაწვევის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებაში წერენ, რომ ევროკავშირი ხედავს ქართველი ხალხის ძალისხმევას და ევროპულ ოჯახში გაწევრიანების სურვილს, თუმცა ასევე აღნიშნავენ, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად „ეს შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს, საჭიროა 12 პუნქტის შესრულება, რაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ევროკომისიის მიერ საქართველოს შეფასების ანგარიშის წარდგენამდე დაახლოებით 5 თვეა დარჩენილი. „მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად ჯერ კიდევ გადასადგმელია მნიშვნელოვანი ნაბიჯები. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფება, აჩვენოს პოლიტიკური ნება, ევროპულ ღირებულებებთან ერთგულება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები. ჩვენ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები კვლავაც ვაგრძელებდეთ მუშაობას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად”, – აღნიშნულია განცხადებაში.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბრიუსელში შეხვედრებს 22-25 მაისს მართავდნენ.  შეხვედრების მიზანია საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით ადვოკატირება. ორგანიზაციები მონიტორინგს უწევენ ხელისუფლების მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო წინაპირობების შესრულების პროცესს.