ენმ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. ენმ არ აპირებს ზაფხულში დასვენებას - ხაბეიშვილი

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, „პარტია განსაკუთრებული მუშაობის რეჟიმზე გადადის“. როგორც მან ყვარელში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პარტია „არ აპირებს მოსვენება მისცეს რუსულ რეჟიმს”.

„პოლიტიკურმა საბჭომ დღეს გადაწყვიტა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე და ჩვენ ვაპირებთ ყველა ქალაქში, რაიონში, ცხადია ჩვენს მოსახლეობასთან შეხვედრას, მათ შორის იქნება რეგიონული კონფერენციები, სადაც ასევე  იქნება საკითხი დაყენებული პრეზიდენტ სააკაშვილის განთავისუფლების. მნიშვნელოვანია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება ეს ღონისძიებები, მათ შორის საპროტესტო აქციები. „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს ზაფხულში დასვენებას, არ აპირებს მოსვენება მისცეს რუსულ რეჟიმს და აპირებს განსაკუთრებული რეჟიმით იმუშაოს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის თქმით, „რუსული რეჟიმის და ბიძინა ივანიშვილის გამო ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ უნდა დაკარგოს“. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებსა და ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს.

„ჩვენმა პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა სტრუქტურულმა ერთეულმა, იმ კონკრეტულმა წარმომადგენლობამ, რომელიც მუშაობს ჩვენს პარტნიორებთან ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, უზრუნველყოს მაქსიმალურად საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის პოზიტიური გადაწყვეტილებები. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ქართველმა ხალხმა რუსული რეჟიმის გამო ამ ქვეყანაში და ბიძინა ივანიშვილის გამო კანდიდატის სტატუსი არ დაკარგოს. ეს ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული დღეს პოლიტსაბჭოზე. თქვენ იცით, რომ 50 ახალი ოფისი გაიხსნა საქართველოს მასშტაბით და სოფლების დონეზეც კი ვეცდებით მაქსიმალურად ჩამოვაყალიბოთ ლოჯისტიკური ცენტრები, სადაც ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შეეძლებათ აქტიურობა, ჩართულობა და ყველა ადამიანის ჩართვა რუსული ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ არის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულ მუშაობის რეჟიმზე გადავდივართ”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.