,,არ არსებობს ბელარუსი, ერთი ნაცნობი მაინც რომ არ ჰყავს ლუკაშენკოს ტყვეობაში“

პუბლიკა

ავტორი: თამთა ჩხაიძე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

,,ვიცით, რას ნიშნავს, როცა სახელმწიფო უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებზე საუბრობს. ჩვენ ეს უკვე გვინახავს“

როცა საქართველოს პარლამენტმა, მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე,  „უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, უცხოელი უფლებადამცველები უკვე საუბრობდნენ მოსალოდნელ საფრთხეებზე.

„ამ თემაზე დისკუსიის დაწყების პირველივე წუთებიდან ყველაზე უკეთ ვიცოდით, ეს რას ნიშნავდა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი კანონი ბელარუსში არ არსებობს, ყველაფერი კანონის გარეშეც ზუსტად ასე მუშაობს.  კარგად ვიცნობთ რუსი კოლეგების გამოცდილებას, ყველა ეს სცენარი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. შედეგი ისაა, რომ ქვეყანაში აღარ რჩება არავინ, ვინც რამეს აპროტესტებს“, – ამბობს ოლგა სმოლიანკო, ბელარუსი უფლებადამცველი.

მესამე წელია, ოლგა თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. 2021 წელს, როცა მცირეწლოვან შვილთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, დარჩენას არ გეგმავდა. ფიქრობდა, რომ  ბელარუსში დაბრუნდებოდა. მალევე მიხვდა, რომ დაბრუნება საშიში და შეუძლებელი იყო.

,,მეგონა, რომ ეს დროებითი იყო“

ოლგას მსგავსად, ქვეყანა ბევრმა მისმა კოლეგამ დატოვა. დღეს ბელარუს უფლებადამცველთა დიდი ნაწილი პოლონეთში, ლიეტუვაში, საქართველოში ცხოვრობს.

სისტემური დარღვევები, შეზღუდვები, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უგულებელყოფა ბელარუსისთვის უცხო არც წარსულში ყოფილა, თუმცა მრავალწლიანმა პროცესმა კულმინაციას 2020 წლის 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიაღწია. ბელარუსში გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე მასობრივი დემონსტრაცია და საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. აქედანვე იწყება რეპრესიების პირველი ტალღა.

2021 წლის თებერვალსა და ივნისში პროცესი შეუქცევადად გაგრძელდა.  უფლებადამცველობითი საქმიანობა სახელმწიფოს მთავარი სამიზნე გახდა. სამოქალაქო საზოგადოების დიდმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა. ვინც არ დატოვა, ციხეში აღმოჩნდა. დაპატიმრებულებს შორის მოხვდნენ ეკოაქტივისტები, ცხოველთა უფლებადამცველები. ყველა, ვინც სამოქალაქო სექტორს წარმოადგენდა, განურჩევლად საქმიანობის თემატიკისა.

ორგანიზაციების ნაწილმა თვითლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ოლგა გვეუბნება, საშუალოდ, ყველა მეოთხე ორგანიზაცია ამ პროცესს შეეწირა, ,,დღეს ბელარუსში რთულად მოიძებნება ოფიციალურად რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია’.

,,ემოციურად რთულია, როცა სახელმწიფო მთელი რესურსით გებრძვის“

სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაცია ბელარუსში წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. 2020 წლიდან პროცესმა კიდევ უფრო ორგანიზებული და სისტემური ხასიათი მიიღო. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სრული კონტროლის პირობებში, ხელისუფლება იყენებდა თავის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს. საგაზეთო სტატიებსა და სატელევიზიო სიუჟეტებში უფრო და უფრო მეტს საუბრობდნენ უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებზე, რომლებიც „არასწორ“ საქმეებს აკეთებდნენ. სახელმწიფომ არასამთავრობო სექტორი კარგ და ცუდ ორგანიზაციებად დაყო. ხელისუფლებისთვის კარგი მხოლოდ მათივე შექმნილი, სახელმწიფო კურსის მხარდამჭერი და „მსოფლიო მშვიდობისთვის“ მებრძოლი ორგანიზაციები იყო.  ამავე ლოგიკით, „ცუდი“ ორგანიზაციების მიზანს მხოლოდ ბელარუსის დისკრედიტაცია და იმის ჩვენება წარმოადგენდა, თუ რა ცუდად იყო ყველაფერი.

,,არ არსებობს ბელარუსი, რომელსაც ერთი ნაცნობი მაინც არ ჰყავს ლუკაშენკოს ტყვეობაში“

თუ თავდაპირველად აკავებდნენ ადამიანებს, რომლებიც სხვების უფლებებს იცავდნენ, მოგვიანებით, პროცესი შეუქცევადი გახდა. დღეს ციხეში არიან ხელოვანები, მასწავლებლები, ექიმები, მეცნიერები. ადამიანები, რომლებმაც უბრალოდ ხმის ამოღება გადაწყვიტეს. ,,უამრავი არტისტია ციხეში მხოლოდ იმიტომ, რომ აქციაზე იყვნენ. ჩემს უამრავ კოლეგას უკვე მისჯილი აქვს ბევრი წელი. ხშირ შემთხვევაში, მათ შესახებ ინფორმაციის მიღებაც კი შეუძლებელია. არ ვიცით, როგორ არიან. განსაკუთრებით, დაკავებების პირველ დღეებში, უბრალოდ, ვერ ვპოულობდით ადამიანებს.“

პრობლემაა დაკავებულების სამართლებრივი დაცვაც. ოლგა გვიყვება, რომ ბევრი ადვოკატი, ლიცენზიის შეჩერების საფრთხის გამო, უარს ამბობს, იმუშაოს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე.

ბელარუსში არსებულ ვითარებას ოლგა ერთი წინადადებით აღწერს – „დანაშაული ადამიანების წინააღმდეგ“, თუმცა იმედი აქვს, რომ მრავალწლიანი ბრძოლა შედეგს გამოიღებს და საბოლოოდ, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ღირებულებები და თავისუფლებისადმი სწრაფვის დაუოკებელი სურვილი ბელარუს ხალხს გამარჯვებას მოუტანს.

ცნობილი ბელარუსული უფლებადაცვითი ორგანიზაციის, Viasna-ს თანახმად, 2023 წლის აპრილის ბოლოსთვის ბელარუსში 1495 პოლიტპატიმარი იყო. განაჩენს ელოდება 3200-ზე მეტი მსჯავრდადებული. ციხეშია ორგანიზაციის ექვსი წევრი, მათ შორის Viasna-ს თავმჯდომარე და ნობელის პრემიის ლაურეატი, ალეს ბილიაცკი, რომელსაც 2023 წლის მარტში 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის (BAJ) თანახმად, ბელარუსი „ჟურნალისტებისთვის ევროპის ყველაზე საშიში ქვეყანაა” – ამჟამად მედიის 33 თანამშრომელი გისოსებს მიღმაა. BAJ-ს მიენიჭა „ექსტრემისტული ორგანიზაციის“ სტატუსი  და უზენაესმა სასამართლომ მათი ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო 2021 წლის აგვისტოში. სასამართლო გამოიყენება ასობით ახალი ამბების ვებგვერდის ასაკრძალად ან დასაბლოკად.  დამოუკიდებელი მედიის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დატოვა ქვეყანა ან შეწყვიტა საქმიანობა.

კულტურის სფეროს წარმომადგენლები  – მწერლები, პოეტები, მუსიკოსები და დრამატურგები – იქცნენ პოლიტპატიმრებად ლუკაშენკოს რეჟიმის კრიტიკის ან თუნდაც ბელორუსულ ენაზე წიგნების გამოცემისთვის. PEN Belarus-ის ინფორმაციით,  2022 წელს ქვეყანაში 1400-ზე მეტ პოლიტიკურ პატიმარს შორის 100-ზე მეტი კულტურის მუშაკი იყო.

სხვადასხვა ორგანიზაციის თანახმად, პოლიტპატიმრები იმყოფებიან დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში. გარე სამყაროსთან, ოჯახებსა და ადვოკატებთან ძალიან შეზღუდული კონტაქტით. ისინი იმყოფებიან გადატვირთულ, ცივ საკნებში და მოკლებულნი არიან საკვებს, წყალსა და სამედიცინო დახმარებას.