თბილისის მერია სხვადასხვა სერვისის მიწოდებას დროებით ზღუდავს

პუბლიკა

თბილისის მერიის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების გამო, პირველ ეტაპზე, მერიაში დაგეგმილია იმ ტიპის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, რომელი მომსახურების მიღებაც დაკავშირებულია ხალხმრავლობასა და ისეთ გარემოსთან, სადაც შედარებით მაღალია ვირუსის გავრცელების რისკი.

„13 მარტიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან შეიზღუდება შემდეგი სერვისების მიწოდება: მიწის ლეგალიზაციის თაობაზე განაცხადების მიღება და უფასო იურიდიული დახმარების გაწევა. ასევე, მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეებს, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს, გამგებლებს, რომ თანამშრომლებს მისცეთ შესაძლებლობა, დისტანციურად მუშაობის, თუ არ არის აუცილებელი სამსახურში გამოცხადება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელფასებზე არ აისახება.

სიტუაციის გაუმჯობესებამდე აღარ ჩატარდება ისეთი ტიპის კომისიების და საბჭოს სხდომები რომელზე დასწრებაც ჩვენს მოქალაქეებს უწევთ. ასეთებია: თბილისის მერიაში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა (ზეპირი მოსმენის სხდომები); პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ჩატარება; კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ისტორიული საბჭოს სხდომები; კულტურული ღონისძიებების დაფინანსების თაობაზე კომისიის სხდომები; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომები; დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის სხდომები;

შეიზღუდება ასევე, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის მიმართულება. ამ კუთხით, მომსახურების გაწევა მოხდება მხოლოდ ელექტრონული სისტემის მეშვეობით. აღნიშნული შეზღუდვები გავრცელდება მერიის ცენტრალურ ოფისსა და ათივე სერვისცენტრში”, – აცხადებს მერია.

დედაქალაქის მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ხალხმრავალ ადგილებში მისვლისგან, მათ შორის, მუნიციპალური და სახელმწიფო სერვისცენტრების მომსახურებით სარგებლობისგან, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ დგას.