იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კორონავირუსთან დაკავშირებით იუსტიციის სისტემაში ჩართული დაწესებულებებისთვის, რომლებიც, მისი თქმით, დღეში 30 000-ზე მეტ მოქალაქეს ემსახურებიან, რეკომენდაციები გასცა.
„დღეიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში თუ არ არსებობს რაიმე გარდაუვალი აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში , საზოგადოებრივ ცენტრებში , რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში. გარდაუვალი აუცილებლობა არის აუცილებლობა, რომლის გადადებაც გვიანდელი დროისთვის არ შეგიძლიათ. ეს არ არის მხოლოდ მოწოდება . ეს არის პრინციპული მოწოდება და თხოვნა იმისათვის, რომ ჩვენ ყველამ მივიღოთ მონაწილეობა კორონავირუსის პრევენციისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეს, რომელსაც მაინც ექნება გარდაუვალი აუცილებლობა და მობრძანდება სერვისის მისაღებად მან თავი შეიკავოს, რომ თან ჰყავდეს თანხმლები პირები”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის რჩევაა, თუკი შესაძლებელია, მოქალაქეებმა მომსახურება ელექტრონულად მიიღონ. უწყება გამოაქვეყნებს იმ სერვისების ნუსხას, რომლის მიღებაც ონლაინაა შესაძლებელი.
შეზღუდვა შეეხო პრობაციონერებსაც. თეა წულუკიანის განცხადებით, ისინი 14 აპრილის ჩათვლით გათავისუფლდნენ პრობაციის ბიუროში გამოცხადებისგან.
„ეს ნიშნავს იმას რომ ე.წ. თითის დადება და პრობაციის ოფიცერთან , სოცმუშაკთან და ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები არის გაუქმებული . თქვენი მოსვლის ვალდებულების შეუსრულებლობა 14 აპრილის ჩათვლით ჩაითვლება საპატიოდ და არავითარი სამართლებლივი შედეგი ამ გამოუცხადებლობას არ მოჰყვება”, – განაცხადა წულუკიანმა.