საქართველოს პრეზიდენტის საპარლამეტო მდივანი ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი განიხილავდა მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარდგენას, თუმცა კანდიდატის დამოუკიდებლობა შეკითხვებს აჩენდა, რადგან მთავრობა მის წარდგენას პრეზიდენტს კატეგორიულად სთხოვდა ზეწოლის და შანტაჟის გზით.
„საქართველოს პრეზიდენტი ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე კრიტერიუმი, კანდიდატის დამოუკიდებლობა შეკითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლით და შანტაჟით.
ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას, არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რამაც საბოლოოს დამოააშკარავა, რომ ხუციშვილის კანდიდატურა ერთადერთი და უალტერნატივოა არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ პარტიისთვისაც.
ის, რაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს, იყო პრეზიდენტის ვეტო. რაც აზიანებს ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, არის ვეტოს დაძლევაზე მუქარა“, – განაცხადა მსხილაძემ.
გიორგი მსხილაძემ აქვე განმარტა, რომ პრეზიდენტის მიერ წამოწყებული ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი ხელს არ უშლის ბანკის ხელმძღვანელის დანიშვნას.
„ეროვნული ბანკის საქმიანობა არ ზიანდება. პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი კვალიფიციური, პროფესიული და გამოცდილი კადრი. არ ფერხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის პროცესი. ბანკის საბჭოს დღესვე შეუძლია, წარმოადგინოს ხელმძღვანელის კანდიდატურა. პრეზიდენტის მიერ საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი ამასთან კავშირში არ არის და არც რაიმეს შემაფერხებელია“, – განაცხადა მან.
„ოცნების“ პოლიტსაბჭომ 7 ივნისს გამოქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვით, პრეზიდენტი მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას ეროვნული ბანკის საქმიანობას.