„შეუცდომელი იყო მაცხოვარი, წერტილი" - ღუდუშაური ო’ბრაიენის განცხადებაზე

პუბლიკა

„შეუცდომელი იყო მაცხოვარი, წერტილი“, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი ალუდა ღუდუშაური აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებას, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსეთის მიერ სანქციების არიდების პრობლემას იწვევენ.

ღუდუშაური ამ განცხადებას „სიცრუის ტირაჟირებას“ უწოდებს და ამბობს, რომ ვერავინ წარმოადგინა დამადასტურებელი ფაქტი, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.

შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მტკიცებულებების გარეშე ავრცელებდეს მსგავს ინფორმაციას, ღუდუშაური პასუხობს, რომ „შეუცდომელი იყო მაცხოვარი, წერტილი“.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში გრძელდება სიცრუის ტირაჟირება და იმიჯის დამაზიანებელი განცხადებები გვესმის, თუმცა აქამდე ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი დასაბუთებული ინფორმაცია. ვერ ვნახეთ ვერც ერთ მტკიცებულება ამისა და ვერ ვნახეთ იმის საპირწონე შესაბამისი არგუმენტები, თუ რატომ არის ესა თუ ის ინფორმაცია, მაგალითად, მართალი. დაახლოებით ორი წელია, ასეთი ინფორმაციები გვესმის და ორი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა, რომ ერთი მტკიცებულება მაინც დადებულიყო?

შეუცდომელი იყო მაცხოვარი, წერტილი“, – ამბობს ალუდა ღუდუშაური.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სანქციების კოორდინატორის ჯიმ ო’ბრაიენის თქმით, ვაშინგტონში გამოავლინეს 5  ქვეყანა, მათ შორის, საქართველო, რომლებიც რუსეთის მხრიდან სანქციებისთვის თავის არიდების კუთხით პრობლემას ქმნიან. ამის შესახებ საერთაშორისო გამოცემა Politico-ს დღევანდელ მიმოხილვაში წერს.