დაცინვის ღირსია, როცა ამბობს, რომ საქართველო ჩამორჩება მოლდოვას - კალაძე კალიურანდზე

პუბლიკა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტარი მარია კალიურანდი გააკრიტიკა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ საქართველო, რომელიც მოწინავე ქვეყანა იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ახლა უკრაინას და მოლდოვას რიგ ასპექტებში ჩამორჩა.

კალაძის თქმით, ეტყობა, რომ კალიურანდი რეალობას არის აცდენილი და საქართველოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ ჰყავს მტრები.

„ნამდვილად ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს და საერთოდ აცდენილია რეალობას. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში.

არ იფიქროთ, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადებებია, ეს არის ამ ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ჩვენს ქვეყანას, ევროპულ მომავალს, ევროინტეგრაციას ჰყავს მტრები“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველო წარმატებით ასრულებს ყველა რეკომენდაციას და ამ თვალსაზრისით მოწინავა ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის. ამიტომ, კალაძის თქმით, ის, ვინც ამბობს, რომ საქართველო მოლდოვას ჩამროჩება, დაცინვის ღირსია.

„რას ნიშნავს ზედაპირული შესრულება? ჩვენ ვთქვით, რომ 12-ვე რეკომენდაცია შესრულებული იქნებოდა ივნისისთვის, პროცესი მიმდინარეობს. უკრაინაზე არ ვსაუბრობ, მესმის, ამ ქვეყანაში რაც ხდება და რამხელა უბედურება ტრიალებს, მაგრამ როდესაც ეს ადამიანი გამოდის და საუბრობს, რომ საქართველო ჩამორჩება მოლდოვას, ის არის, რბილად რომ ვთქვათ, დაცინვის ღირსი.

ავიღოთ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ნებისმიერი პარამეტრი და გავაკეთოთ შედარებები აბსოლუტურად ყველა მიმართულებით – ნახავთ, თუ როგორ წინ არის ჩვენი ქვეყანა ყველანაირი თვალსაზრისით. მაშინ, როდესაც ის არასწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ სტატუსი არ მოგვანიჭეს, ესეც, ძალიან კარგად ვიცით, რისთვის იყო გაკეთებული – უნდოდათ, რომ ეს პოლიტიკურად ქვეყნის შიგნით გამოეყენებინათ ხელისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.


ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაციის შესრულების, ასევე, ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით არსებული გამოწვევებისა და იმ მტკიცებების გამო გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც თითქოს დასავლეთში გარკვეული პირები საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას ცდილობენ.

მარია კალიურანდმა ამ საკითხებზე ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) სხდომაზე ისაუბრა. დისკუსიაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობდა.