იმედგაცრუებულები ვართ, რომ ნიკას ნახვის შესაძლებლობა არ მოგვეცა - CPJ-ის წარმომადგენელი

პუბლიკა

საერთაშორისო ორგანიზაცია ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის (CPJ) საგანგებო საქმეთა დირექტორმა, ლუსი ვესკოტმა რუსთავის ციხეში ნიკა გვარამიას მონახულება ვერ შეძლო.

ლუსი ვესკოტი რუსთავის ციხესთან „მთავარი არხის” დირექტორის მეუღლესა და მის ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. CPJ-ის წარმომადგენლის თქმით, როდესაც ქვეყანაში ჟურნალისტია დაპატიმრებული, ეს ცუდ სიგნალს უგზავნის არა მხოლოდ ქვეყნის სხვა ჟურნალისტებს, არამედ რიგით მოქალაქეებსაც.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ნიკა გვარამია პატიმრობაში მყოფი ერთადერთი ჟურნალისტია საქართველოში და ასევე პირველი და ერთადერთი ქართველი ჟურნალისტი, რომელიც ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის პატიმართა სიაშია შეყვანილი. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა სხვა რამდენიმე ორგანიზაციასთან ერთად გაუგზავნა წერილი საქართველოს პრეზიდენტს აპრილში და მოუწოდა მას, ისევე როგორც საქართველოს მთავრობას, რომ გაათავისუფლონ ნიკა გვარამია.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ამ მოწოდებას. როდესაც ქვეყანაში ჟურნალისტია დაპატიმრებული, ეს ცუდ სიგნალს უგზავნის არა მხოლოდ ქვეყნის სხვა ჟურნალისტებს, არამედ რიგით მოქალაქეებსაც. ჩვენ ვთვლით, რომ ნიკა გვარამიასთვის წაყენებული ბრალდებები არის პოლიტიკური შურისძიება მისი დამოუკიდებელი ჟურნალისტური საქმიანობის გამო”, – განაცხადა ლუსი ვესკოტმა.