„ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება, მორიგი აქტი. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ შშმ ბავშვები გამოიყენეს ამ პროვოკაციისთვის“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ სხდომათა დარბაზში მომხდარის შეფასებისას. მისი თქმით, ქალი, რომელმაც რუბლი გადმოყარა, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტია.
შშმ პირის დედამ, ქრისტო ტალახაძემ „ოცნების“ დეპუტატებს რუსული რუბლები დააყარა და საპროტესტო ბანერი გადმოფინა – „არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან“.
პარლამენტში, საიდანაც ბანერი გადმოფინეს, მიწვეულები იყვნენ შშმ პირები და მათი ოჯახის წევრები შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „შშმ ბავშვების გამოყენება ამ ლიბერალური ფაშიზმის აქტისთვის“ აჩვენებს იმ ადამიანების სახეს, ვინც „ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ რაღაც მიზნების მიღწევას“. მისივე შეფასებით, ესაა „კოლექტიური ნაცმოძრაობა“.
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ დღეს პარლამენტში იგივე კუპიურები გადმოყარეს, რაც რამდენიმე დღის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
„იგივე კუპიურები იყო გადმოყრილი, რაც მანამდე, რამდენიმე დღის წინ. სიმბოლურია, რომ ეს იყო 500-რუბლიანი კუპიურები, ისიც სიმბოლურია, რომ ხოშტარიას ჩაერიცხა მანამდე 5 მილიონი რუბლი. საერთო კოორდინაციაა და ძალიან კარგად ჩანს“, – განაცხადა მან.
10 ივნისს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუბლის კუპიურები დაუყარეს. კობახიძეს რამდენიმე სტუდენტმა პროტესტის ნიშნად რუსული ფული უნივერსიტეტის კიბეზე ჩასვლისას გადმოუყარა.