„ნაცისტები, ზონდერები“ - ინტერნეტში, სავარაუდოდ, აბაშიძის ჩანაწერი ვრცელდება, რომელშიც პოზნერის ჩაშლილი სტუმრობის გამო წუხს

პუბლიკა

YouTube-ის არხი Cyber Kmara-ზე ახალ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც არხის მტკიცებით, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და ჩაიკოვსკის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტის მარკ ზილბერკვიტის საუბარს ასახავს. ჩანაწერის

არხის მტკიცებით, აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დამტკიცებული არ არის, 2021 წლის 1 აპრილს შემდგარი საუბარია და ზურაბ აბაშიძე პოზნერის გარემოცვას ბოდიშს უხდის საქართველოში ერთი დღით ადრე მათი სტუმრობის გაპროტესტების გამო. ხოლო მოქალაქეებს, რომლებმაც პოზნერისა და მისი გარემოცვის ქეიფი გააპროტესტეს, „ნაცისტებს“, „ზონდერებს“ და  „პროვოკატორებს“ უწოდებს.

მოქალაქეები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათის დროს, როცა შეკრება იკრძალებოდა, პოზნერის და მისი გარემოცვის რესტორანში ქეიფს აპროტესტებდნენ.

ჩანაწერის მიხედვით, ზილბერკვიტი აბაშიძეს პროტესტის შესახებ უყვება და საყვედურობს. დადებითად აფასებს პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობას. მისი თქმით, ღამით, როცა წასვლა გადაწყვიტეს, მათ პოლიცია დაეხმარათ მანქანებში ჩასხდომაში და აეროპორტამდე მიაცილა.

ზურაბ აბაშიძე კი თავს იმართლებს და ამბობს, რომ ხელისუფლება ამ პროტესტს გამოეხმაურა.

„საშინელი ისტორიაა. არ შემიძლია ტელეფონით გადმოგცე, პირადად მე რა განვიცადე, რა განიცადეს ჩემმა ნაცნობებმა ახლობლებმა იმ დღეს, იმ საათებში. არ ვიცი, დღეს ნახე თუ არა, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ამაზე, სხვებმაც, იყო გამოსვლები პარლამენტშიც, მინისტრებმაც ისაუბრეს. ეს იყო ნაცისტების ჯგუფი, ნამდვილი ნაცისტების. უბრალოდ ზონდერები…

…ასეთი რეაქცია მოსაზრების გამოხატვის გამო. კვერცხებს ისროდნენ, ეს ნამდვილი ბარბაროსობაა. ეს არის რამდენიმე ათეული ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებსაც სააკაშვილი მართავს“, – ამბობს ზურაბ აბაშიძე ჩანაწერში.

Cyber Kmara-ზე ზურაბ აბაშიძის აუდიოჩანაწერი 1 თებერვალსაც გავრცელდა. ის სატელეფონო საუბარი ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინს ეკუთვნოდა. მაშინ მედიასთან ზურაბ აბაშიძემ ჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა.

„პუბლიკა“ ცდილობს ამ საკითხთან დაკავშირებით ზურაბ აბაშიძისგან კომენტარის მიღებას.