პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, რუს ჟურნალისტს, ვლადიმერ პოზნერს საქართველოში „უხეში და არაეთიკური” პროვოკაცია მოუწყვეს. კობახიძის თქმით, ასეთ შემთხვევაში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მხრიდან „სინანულის გამოხატვა” „აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენაა”.
„იყო უხეში პროვოკაცია, არაეთიკური ქმედება, პროვოკატორის მხრიდან დაგეგმილი და განხორციელებული. ეს იყო ლიაკა ხოშტარია, რომელიც იღებდა და დღესაც იღებს რუსულ რუბლებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საუბარია პროვოკატორზე, ამასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს ზურა აბაშიძე, რომ კონკრეტულმა პროვოკატორებმა მოაწყვეს არაეთიკური პროვოკაცია.. ზურა აბაშიძე პასუხისმგებელია ურთიერთობებზე.. ჟენევაც აღარ მოქმედებს რეალურად, ერთადერთი კომუნიკაციის არხი არის ზურაბ აბაშიძე”, – თქვა კობახიძემ.
ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, სჭირდება თუ არა ურთიერთობებს ბოდიშის მოხდა, კობახიძე პასუხობს – „ბოდიშის მოხდა სჭირდება არაეთიკურ ქმედებებს”.
„…გააჩნია ეთიკურია თუ არაეთიკურია ქმედება. როცა ზურაბ აბაშიძე ესაუბრება თავის კოლეგას, რომელიც პასუხისმგებელია უერთერთბებზე – სავაჭრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებზე, ეუბნება, რომ იყო პროვოკატორების მიერ დაგეგმილი არაეთიკური პროვოკაცია და ამაზე აფიქსირებს თავის პოზიციას, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა”, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა ისიც ჰკითხეს, შეიძლება თუ არა თანამდებობიდან გათავისუფლდეს ზურაბ ჯაფარიძე, რაზეც კობახიძემ თქვა „არავითარ თანამდებობიდან გათავისუფლებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი”.
ცნობისთვის, YouTube-ის არხმა, Cyber Kmara-მ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც არხის მტკიცებით, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და ჩაიკოვსკის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტის, მარკ ზილბერკვიტის საუბარს ასახავს. აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დამტკიცებული არ არის, 2021 წლის 1 აპრილს შემდგარი საუბარია და ზურაბ აბაშიძე პოზნერის გარემოცვას ბოდიშს უხდის საქართველოში ერთი დღით ადრე მათი სტუმრობის გაპროტესტების გამო. ხოლო მოქალაქეებს, რომლებმაც პოზნერისა და მისი გარემოცვის ქეიფი გააპროტესტეს, „ნაცისტებს“, „ზონდერებსა“ და „პროვოკატორებს“ უწოდებს.
მოქალაქეებმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათის დროს, როცა შეკრება იკრძალებოდა, პოზნერის და მისი გარემოცვის რესტორანში ქეიფი გააპროტესტეს.
„კვერცხებს ისროდნენ, ეს ნამდვილი ბარბაროსობაა. ეს არის რამდენიმე ათეული ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებსაც სააკაშვილი მართავს“, – ამბობს ზურაბ აბაშიძე ჩანაწერში.
Cyber Kmara-ზე ზურაბ აბაშიძის აუდიოჩანაწერი 1 თებერვალსაც გავრცელდა. ის სატელეფონო საუბარი ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინს ეკუთვნოდა. მაშინ მედიასთან ზურაბ აბაშიძემ ჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა.