აშშ-ის საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო

პუბლიკა

აშშ-ის საელჩო ნიკა გვარამიას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ კიდევ ერთხელ გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას მისი პატიმრობაში დატოვების გამო.

„აშშ-ის საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე წამოჭრა კითხვები და გამოხატა შეშფოთება ამ საქმეზე, მათ შორის დროსა და ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე სასჯელის შესახებ.

არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა გამოხატა ამგვარი შეშფოთება. ქმედითი დემოკრატია ეფუძნება მედიის თავისუფლების დაცვასა და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის აღკვეთას. მართლმსაჯულების შერჩევითად და პოლიტიზირებულად აღქმაც კი რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ძირს უთხრის მართლმსაჯულების უზენაესობას, კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებსა და თავად დემოკრატიას“, – ნათქვამია განცხადებაში.

19 ივნისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დარჩა. უზენაესმა დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიას ადვოკატის, ასევე კახაბერ დამენიას და პროკურატურის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივრები.