მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი – SEC Workers Union ავრცელებს ინფორმაციას, რომ მორიგი სასამართლო პროცესი მოუგეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალ ხელმძღვანელობას და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.
„გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილმა 2023 წლის 21 ივნისს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე ლიკა მამაცაშვილი სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ, რომლითაც ძირითადად დაკმაყოფილდა ლიკა მამაცაშვილის სარჩელი.
სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ლიკა მამაცაშვილოს სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც ლიკა მამაცაშვილი სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან ეროვნულ მუზეუმს ლილი მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 1800 ლარის ანაზღაურება, “- ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროფკავშირში ამბობენ, რომ ეს უკვე მე-11 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა ადამიანებმა მოიგეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ.
ლიკა მამაცაშვილი თბილისის ისტორიის მუზეუმის დროებითი გამოფენების ხელმძღვანელი იყო, რომელიც სამსახურიდან 2022 წლის 3 ივნისს გაათავისუფლეს.