თბილისში, პარლამენტის წინ, ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელების მორიგი საპროტესტო აქცია იმართება. როგორც აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მაღაროელებმა თქვეს, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ხვალ ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელ შვილებს დედებიც შეუერთებიან.
„ვერანაირად ვერ შველიან დედები თავიანთი შვილების გაჭირვებას, ყოველდღე უყურებენ როგორ უძლურდებიან ისინი. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ პროტესტის ასეთ ფორმას მიმართონ. ხვალიდან ისინიც დაჯდნენ შვილებთან ერთად საშიმშლოდ, “- ამბობს „პუბლიკასთან“ მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე.
ჭიათურიდან თბილისში ჩამოსულმა ოთხმა მაღაროელმა დღეს შიმშილობა გამოაცხადა. მაღაროელების ნაწილი პროტესტს თბილისში აგრძელებს. ისინი მესამე დღეა პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში არიან.
ჭიათურაში მაღაროელები 7 ივნისიდან გაიფიცნენ. ნაწილმა მათგანი 13 ივნისიდან ჭიათურაში დაიწყო შიმშილობა. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 20%-იანი მატებაა. კომპანიის მხრიდან მათთვის მიუღებელი შეთავაზების გამო მაღაროელთა ნაწილი თბილისში ჩამოვიდა და ოთხმა მათგანმა 21 ივნისიდან შიმშილობა დაიწყო.
ჭიათურაში მაღაროელთა შიმშილობის პარალელურად პროტესტის სხვა უკიდურეს ფორმებსაც მიმართეს – პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, ერთ მაღაროელს პირი აქვს ამოკერილი. ერთმა კი გადაისერა მკლავები.
„ჯორჯიან მანგანეზი” მათ ხელფასის 5%-იან მატებას სთავაზობს და კომპანიაში არსებულ ფინანსურ კრიზისზე საუბრობს.