უზენაესი სასამართლო ნიკა გვარამიას საქმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

პუბლიკა

საქართველოს უზენაესი სასამართლო ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას საქმის შესახებ  ინფორმაციას ავრცელებს. 

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა საკასაციო საჩივრები.

მათი ინფორმაციით, შესწავლის შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ საჩივრები არ აკმაყოფილებდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი ძალაში დატოვა.

„2023 წლის 19 ივნისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების – კახაბერ დამენიასა და ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველი ადვოკატების, ასევე – პროკურორების საკასაციო საჩივრები.

სისხლის სამართლის საქმეში არსებული გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და ფინანსურმა დირექტორმა კახა დამენიამ, როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებმა, სათანადოდ არ შეასრულეს თავიანთი მოვალეობები, არ მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე, ბოროტად იყენებდნენ მინიჭებულ ხელმძღვანელობით უფლებამოსილებას კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ, შპს „ინტერმედია პლიუსისათვის“ გამორჩენის მიზნით, რის გამოც „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს“ მიადგა 6 763 509  ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

ამ ქმედების ჩადენისთვის ნიკა გვარამია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220 მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

ნიკა გვარამიამ ასევე ჩაიდინა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ესეიგი, საწარმოში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედების ჩადენისათვის ნიკა გვარამია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220 მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ნიკა გვარამიას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა რა საკასაციო საჩივრები, დაადგინა, რომ არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303 მუხლით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი არ დაუშვა განსახილველად და ძალაში დატოვა“, – ნათქვამია სასამართლოს ინფორმაციაში.