TI: მოვუწოდებთ წულუკიანს, შეწყვიტოს კულტურის სფეროს მაღალპროფესიონალი კადრების დევნა

პუბლიკა

„გამჭვირვალობა საქართველო“ წერილს აქვეყნებს, რომელშიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის დღიდან დღემდე კულტურის სხვადასხვა სფეროში გატარებული ცვლილებებია შეჯამებული.

დასკვნის სახით ორგანიზაცია წერს, რომ წულუკიანის მინისტრობის პერიოდში გათავისუფლებული ადამიანების ისტორიები მიანიშნებს წულუკიანის რეპრესიულ პოლიტიკაზე.

წერილში მიმოხილულია, თეატრში, კინოცენტრში, ეროვნულ მუზეუმსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გატარებული ცვლილებები და რეორგანიზაციის პროცესი.

„გამჭვირვალობა საქართველო“ მოუწოდებს მინისტრს, შეწყვიტოს კულტურის სფეროს მაღალპროფესიონალი კადრების დევნა მათი განსხვავებული მოსაზრებების გამო და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება მისცეს“.

თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2021 წლის 19 მარტს დაინიშნა.

„მას შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო, რამაც საბოლოოდ საკადრო წმენდის სახე მიიღო. მხოლოდ 2021-2022 წლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 70-მდე თანამშრომელი გათავისუფლდა. მათმა ნაწილმა სასამართლო დავის ფარგლებში გათავისუფლების უკანონობა უკვე დაამტკიცა. დანიშვნის დღეს მიცემული ინტერვიუს შინაარსიდან ნათელი იყო, რომ მინისტრი კულტურის სფეროს წარმომადგენლების მიმართ რეპრესიული პოლიტიკის გატარებას გეგმავდა. მინისტრის განცხადებით, ის კულტურის სფეროს წარმომადგენელთა განსხვავებული აზრის წარმომავლობით დაინტერესდებოდა.“ – ვკითხულობთ წერილში. სრული ვერსიის სანახავად მიჰყევით ბმულს.