კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალებაზე, ძალაში შესული სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლაა. თეა წულუკიანის ამ კომენტარს სამთავრობო არხი „იმედი“ ავრცელებს.
„არ მგონია, რომ გვარამიას შეწყალება რაიმე ტიპის დეპოლარიზაციას გამოიწვევს ან ამგვარ პროცესს ხელს შეუწყობს. ალბათ პირიქით, პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იქნება. მაგრამ როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა შემიძლია გითხრათ, რომ დავახასიათებდი ამ გადაწყვეტილებას, როგორც მართლმსაჯულების შეურაცხყოფას და სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ფუნდამენტის ხელყოფას, რასაც ჰქვია ძალაში შესული სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლა“, – ამბობს თეა წულუკიანი.
22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარის არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია შეიწყალა.