გლდანის პარკიდან ცისარტყელას ფერებში ქოლგები ჩამოხსნეს - რას ამბობს ადმინისტრაცია

პუბლიკა

გლდანის პარკში ცისარტყელას ფერებში ქოლგები ჩამოხსნეს.

ქოლგის ფერის გამო „საზოგადოებაში შექმნილ აჟიოტაჟს” პარკი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში განცხადებითაც გამოეხმაურა, თუმცა როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ქოლგების ჩამოხსნის გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.

„ფერადი ქოლგები ცისარტყელას ფერებში ბავშთა მხიარული განწყობისთვის შეირჩა და მას სხვა არანაირი დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს, არ ვეწევით არანაირ პროპაგანდას. თქვენ ჩვენ ქართველობას არ გართმევთ და მოდით, ნუ წავართმევთ ბავშვებს ბავშვობას და ცისარტყელის ფერებს და მხიარულებას”, – ეწერა მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ქოლგები გლდანის პარკის გადახალისების სამუშაოების ფარგლებში შეიძინეს.

როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას პარკის ადმინისტრაციაში ამბობენ, ქოლგები საზოგადოებაში აგრესიის გაღვივების თავიდან არიდების მიზნით ჩამოხსნეს.

„არ გვინდა აგრესია გავაღვივოთ საზოგადოებაში. ისიც კი არ ვიცოდით, რომ პრაიდის კვირეულს დავამთხვიეთ, თორემ შეიძლებოდა თავი შეგვეკავებინა. როდესაც ქოლგები შევიძინეთ, არ გვიფიქრია, რომ საზოგადოებაში აჟიოტაჟს გამოიწვევდა. ქოლგების მოხსნის მიზეზი იყო, რომ აგრესია არ გავაღვივოთ. აღვადგენთ, არ ვაპირებთ ქოლგები საწყობში დავაწყოთ. როდესაც აგრესია ჩაივლის, ხალხი მიხვდება, რომ ვემიჯნებით პროპაგანდას, გავაგრძელებთ პარკის გადახალისებას”, – გვითხრეს ადმინისტრაციაში.

პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, პარკში ფერადი ქოლგების გამოჩენის შესახებ გლდანის გამგეობასაც მიმართეს. აგრეთვე, დაწერეს facebook-ჯგუფშიც.

„პირდაპირ ზარი შევიდა გამგეობაში. პარკი არის კერძო საკუთრება, თუმცა ფიქრობენ, რომ არის გლდანის გამგეობის.., გლდანის გამგეობას უკავშირდებოდნენ და გლდანის გამგეობა დაგვიკავშირდა ჩვენ, თუ რას ვაკეთებდით, რა ხდებოდა”, – ამბობენ ადმინისტრაციაში.