კობახიძე „ტექნიკურ საკითხს“ უწოდებს იმას, რომ დენდროლოგიური ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაა

პუბლიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ის, რომ დენდროლოგიური პარკის მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილის ოჯახია, ეს „ტექნიკური საკითხია მხოლოდ“.

„დღესაც ეს პარკი არის გახსნილი საზოგადეობისთვის და თავიდან ბოლომდე ემსახურება საზოგადოებას. ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მოინახულოს ეს პარკი და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ეს პირობა არის ბოლომდე შესრულებული. რაც შეეხება ამ ტექნიკურ საკითხებს და ამ ტექნიკური საკითხების გამოყენებას კამპანიისთვის, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო.

მე მინდა, უბრალოდ შეგახსენოთ, ბიძინა ივანიშვილს აქვს სამი მილიარდი დოლარი დახარჯული ქველმოქმედებაზე, 500 მარტო ეკლესია-მონასტერი არის აღდგენილი და რეაბილიტირებული, უამრავი თეატრი და აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ის წლების განმავლობაში კონკრეტული ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ეხმარებოდა. როდესაც ამ მასშტაბის ქველმოქმედებაზეა საუბარი და დღეს ისეთი ადამიანები გამოდიან, რომლებსაც ერთი აგურიც არ დაუდიათ და საუბრობენ ბიძინა ივანიშვილის მორიგი საქველმოქმედო პროექტის შესახებ, ნუ სირცხვილია უბრალოდ“, – თქვა კობახიძე.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბიძინა ივანიშვილმა შექმნა საქართველოში უნიკალური დენდროლოგიური პარკი, რომელიც დარჩება მომავალ თაობებს და ამ პარკზე წვდომა აქვს ყველა ადამიანს. მისი თქმით,  ეს არის სწორედ უნიკალური საქველმოქმედო პროექტი.

„ერთი,  ეს არის ტექნიკური საკითხი. რა მნიშვნელობა აქვს შვილზე იქნება მეუღლეზე თუ ა.შ. ეს არის ტექნიკური საკითხი, უბრალოდ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ეს ტექნიკური საკითხი გამოიყენონ სპეკულაციისთვის. პირობა იყო ის, რომ ეს პროექტი იყო საზოგადოებისთვის, რაც შესრულებულია დანარჩენი ტექნიკური მხარეა“, – ამბობს ის.

მან ჟურნალისტს ჰკითხა – რამდენი დაუხარჯავს თავად ქველმოქმედებისთვის, როცა ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტებზე საუბრობს.

„3 ათასი დოლარი დაგიხარჯავთ საკუთარი ქვეყნისთვის? 300 დოლარიც კი დაგიხარჯავთ? არ დაგიხარჯავთ. საკუთარი ქვეყნისთვის 300 დოლარიც რომ არ დაგიხარჯავთ და სხვის სამ მილიარდ დოლარს რომ იწუნებთ, ეს არის სამარცხვინო“, – მიმართა მან ჟურნალისტს.