საქართველო არ აწესებს სანქციებს, იმედგაცრუებული ვართ, თუმცა გვესმის - ო’სალივანი

პუბლიკა

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის განცხადებით, იმედგაცრუებული არიან, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება, თუმცა მისი თქმით, შექმნილი კონტექსტიდან გამომდინარე, მათ ეს კარგად ესმით.

„საქართველო, რა თქმა უნდა, არ აწესებს სანქციებს [რუსეთისთვის] და ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ ეს ასე არ ხდება, რადგან საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ამიტომ ვისურვებდით, საგარეო პოლიტიკის კუთხითაც იყოს ჩვენთან შესაბამისობაში. მაგრამ ჩვენ ასევე ვიაზრებთ, რომ საქართველო იმყოფება სპეციფიკურ სიტუაციაში ეკონომიკური, გეოგრაფიული თვალსაზრისით და იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომლის ფარგლებშიც მას უწევს ვაჭრობა რუსეთთან. ამიტომ კარგად გვესმის, რატომ არ უერთდება საქართველო სანქციებს. ასევე უნდა ვთქვა, რაც გასული ორი დღის განმავლობაში ვნახეთ ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან, რომ საქართველო არ გამოიყენონ სანქციებისგან თავის ასარიდებლად“, – განაცხადა ო’სალივანმა.