გამოკითხული რუსი მიგრანტების 56% ფიქრობს, რომ ქართულ დემოკრატიას მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს - CRRC

პუბლიკა

„რუსი იმიგრანტების ცხოვრება საქართველოში” – „CRRC-საქართველომ” კვლევის ანგარიში წარადგინა.

თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ, რომ ორგანიზაციის განცხადებით, რესპონდენტები არაალბათური და არაშემთხვევითი წესით შეირჩა, და აქედან გამომდინარე, კვლევის შედეგები არ შეიძლება, განზოგადდეს საქართველოში მცხოვრებ რუსებზე.

კვლევისთვის მონაცემები „CRRC-საქართველომ” 2023 წლის აპრილსა და მაისში შეაგროვა. გამოკითხვის ფარგლებში სულ რუსეთის  (+18 წელი) 1 008 მოქალაქე გამოიკითხა, ისინი ვინც საქართველოში 2022 წლის თებერვლის შემდგომ გადმოვიდა საცხოვრებლად.

CRRC-ის ცნობით, კვლევამ ისეთი საკითხები მოიცვა, როგორიცაა რუსეთის დატოვებისა და საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლის ძირითადი მიზეზები, დამოკიდებულებები რუსეთის მთავრობის და რუსი ხალხის მიმართ, უსაფრთხოების შეგრძნება საქართველოში ცხოვრებისას, დამოკიდებულებები საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის მიმართ.

გთავაზობთ კვლევის მიგნებებს:

„რესპონდენტები რუსეთის დატოვების ძირითად მიზეზად რუსეთში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას (87%), რუსეთ-უკრაინის ომსა (73%) და სამხედრო მობილიზაციას (29%) ასახელებენ.

ასევე, გამოკითხულთა 28%-მა საქართველო აირჩა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, 17%-მა ცხოვრების ხელმისაწვდომობის გამო, ხოლო 14%-მა ქვეყანაში მოხვედრის სიმარტივის გათვალისწინებით.

რესპონდენტების ძირითადი ნაწილი კონცენტრირებულია თბილისსა (80%) და ბათუმში (15%).

გამოკითხულთა 66% რუსეთის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს, 97% არ ენდობა რუსეთის მთავრობას და 94% უარყოფითად აფასებს ვლადიმერ პუტინის საქმიანობას.

რესპონდენტების აზრი რუსეთში დარჩენილ რუსებთან დაკავშირებით გაყოფილია; ნახევარი (49%) ენდობა მათ, ხოლო დაახლოებით ნახევარი (47%) – არა.

გამოკითხული რუსების აზრი იყოფა საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუციებთან დაკავშირებით.

რესპონდენტების 94% თვლის, რომ საქართველოში დემოკრატიაა, მაგრამ მათი უმრავლესობა (56%), ასევე, ფიქრობს, რომ ქართულ დემოკრატიას მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს.

მეტიც, მათი 55% არ ენდობა საქართველოს მთავრობას, ხოლო 56% უარყოფითად აფასებს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის საქმიანობას. თუმცა, მეორე მხრივ, ისინი მეტწილად დადებითად აფასებენ პრეზიდენტ ზურაბიშვილის საქმიანობას (74%)”, – ვკითხულობთ კვლევაში.