„არაფერი ახალი არც რუსეთის პოზიციაში არ არის, რომ მას სურს რკინიგზა და არაფერი ახალი არც საქართველოს პოზიციაში არ არის, რომ ეს არ განიხილება”, – პარლამენტის თავმდჯომარე, შალვა პაპუაშვილი მარია ზახაროვას განცხადების შემდეგ, ამბობს, რომ აფხაზეთის გავლით რუსეთთან რკინიგზის აღდგენა არ განიხილება.
„კონტაქტი და კომუნიკაციაც კი არ არის ამ საკითხზე”, – უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხეს.
ზახაროვამ დღეს რუსეთსა და სომხეთს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ ისაუბრა.
„ასეთ თემებზე საუბარი, კითხვაშივე გულისხმობს, რომ თითქოს, არის გარკვეული მოლაპარაკება, შემოთავაზება, უარი, თანხმობა. კონტაქტი და კომუნიკაციაც კი არ არის ამ საკითხზე. ეს არის მოცემულობა. ყველაფერი დანარჩენი არის კონსპირაცია. როგორი კონსპირაციაც იყო სააკაშვილის წამების საკითხი, სანქციების გვერდის ავლის საკითხი, ასეთივე კონსპირაციაა ეს. ჩვენ ვმოქმედებთ, ჩვენი პოლიტიკით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება, ოკუპირებულ ტერიტორებითან დაკავშირებულ საკითხებს, ერთადერთი ფორმატი, რაც არსებობს, არის ჟენევის მოლაპარაკებები. ამ კონტექსტში არის სწორედ განხილული ყველა ურთიერთობა”, – უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.