„მინდა დღევანდელი დღე უკრაინელ ქალებს მივუძღვნა“ - პრეზიდენტმა ქალთა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

პუბლიკა

თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. მან თქვა, რომ დღევანდელი კონფერენცია უკრაინელ ქალებს მიეძღვნება.

„ეს არის კონფერენცია, რომელიც ეთმობა მშვიდობას, უსაფრთხოებას, კონფლიქტს, ყველაფერ იმას რისი გაკეთებაც ქალებს შეუძლიათ, რომ განიმუხტოს ეს გლობალური სიტიაცია. თავისთავად ქალებზე პირდაპირ ეფექტს ახდენს ომი და მინდა დღევანდელი დღე მივუძღვნა უკრაინელ ქალებს. წელიწადზე მეტია იბომბება მათი ქვეყანა და მინდა ვთქვა, რომ შემდეგ წელს თბილისის საერთაშორისო ქალთა კონფერენციაზე უკვე ვისაუბრებთ როგორ ვაშენოთ ახალი ინიციატივებით მშვიდობა მთელს მსოფლიოში, “- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციას საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან, ასევე, ჟურნალისტები, დიპლომატები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.